"პოლიტიკური ჭორი, მითი და მანიპულაცია"- აქცენტები პარტიების აკრძალვის საქმის მეხუთე დღიდან
პარტიების აკრძალვა
27 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლო მხარეების ახსნა-განმარტებებს ისმენს.
დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამ წარმომადგენელს მოუსმინეს: ანა წითლიძეს, ლევან ბეჟაშვილსა და ალიკა კუპრავას.
ყველაზე დიდხანს ანა წითლიძე საუბრობდა. მან გააკრიტიკა სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები, მტკიცებულებები და მოსამართლეთა მიუკერძოებლობის საკითხი. თქვა, რომ საქმე პოლიტიკურია და პარტიების აკრძალვა პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვას ემსახურება.
- ბიძინა ივანიშვილს მოწმის სახით არ დაკითხავენ. პარტიების აკრძალვის საქმე, დღე IV
- „თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ“: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის მესამე დღე
- პარტიების აკრძალვის საქმე -მეორე დღის ქრონიკა: ვენეციის კომისია, სტრასბურგი და „კაფკას პროცესი“
- საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის პირველი დღე: აცილებები, გაძევება და უარყოფილი შუამდგომლობები
ის დიდხანს საუბრობდა წინა ხელისუფლების გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებზე, აგვისტოს ომზე. ასევე, კორუფციის ბრალდებებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. როდესაც რომელიმე ჩინოვნიკის სახელს ახსნებდა, სასამართლოს თავმჯდომარე თავშეკავებისკენ მოუწოდებდა და აწყვეტინებდა.
დღევანდელი გამოსვლებით, ერთმა მოპასუხე პარტიამ – ენმ-მ შესაგებლის წარდგენა დაასრულა. პარტიის არცერთ წარმომადგენელს, თავისი სიტყვის დასასრულს, არ გამოუყნებია სტანდარტული სამართალწარმოების ფრაზა – “გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი”. ყველა გამომსვლელის ბოლო სიტყვა მოსამართლეების სინდისზე მითითება იყო. ასეთ დასასრულზე, მოსამართლეებს, განსაკუთრებულად უჭირდათ გაღიზიანების დამალვა.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს “ქართული ოცნების” 88 დეპუტატი აწერს ხელს. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამ პარტიებმა დაარღვიეს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, რომელიც კრძალავს იმ პარტიების საქმიანობას, რომელთა მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი გზით შეცვლაა. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ამ პარტიებმა უარი თქვეს მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებაზე. სარჩელში მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობების ორგანიზებაშიც ადანაშაულებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასაც ეხება. ამის საფუძვლად პარტიის პასუხისმგებლობა სახელდება 2008 წლის აგვისტოს ომზე რუსეთთან. იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტია იყო. ხუთივე მოპასუხე ყველა ბრალდებას უარყოფს.
სხდომები სასამართლოში 30 ოქტომბრის ჩათვლით არის ჩანიშნული. სასამართლომ გადაწყვეტილება 2027 წლის 24 ივნისამდე უნდა მიიღოს.
ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლო “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს მიუსმენს. მათ წინასწარ თქვეს, რომ დიდი მოცულობის დოკუმენტი აქვთ და მთელი დღე დასჭირდებათ.
ქვემოთ შეჯამებულია მთავარი აქცენტები დღევანდელი სასამართლო სხდომიდან.
„პოლიტიკური ჭორი, მითი და მანიპულაცია”
● ანა წითლიძემ თქვა, რომ სასამართლოში წყდება, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებასა და კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებას შორის. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია და „პოლიტიკური ჭორი, მითი და მანიპულაციაა“.
● წითლიძემ თქვა, რომ ის არ ცდილობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური თუ სამართლებრივი წარსულისგან გაათავისუფლოს. პირიქით, მზად არის, ისაუბროს პარტიის მიერ მიღებულ ყველა ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. მათ შორის, მძიმე გადაწყვეტილებებზეც.
● მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია და ისტორიული მოვლენების შერჩევით ინტერპრეტაციას ეფუძნება:
„თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა“.
“დაუკვირდით თქვენს განცხადებას! როგორ შეიძლება ამტკიცოთ, რომ კაცი მოკლეს?” – მოსამართლე წითლიძეს
● ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარიამ წითლიძეს სიტყვა შეაწყვეტინა. ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა გულის შეტევით. რამდენიმე დღით ადრე პარტია მასზე ზეწოლაზე საუბრობდა.
– “ოცნების” ზეწოლის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს. ეს მტკიცებულებები გამოქვეყნებულია. ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობდნენ 100 000 დოლარს, რომ ეღალატა “ნაციონალური მოძრაობისთვის” და “ქართული ოცნების” მხარეს გადასულიყო. კაცს გული გაუსკდა და გარდაიცვალა”, – თქვა წითლიძემ.
– რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს? როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი. დაუფიქრდით თქვენს განცხადებას! ძალიან მძიმე განცხადებაა. როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდან? როგორ შეიძლება ამტკიცოთ, რომ კაცი მოკლეს? – მიმართა მოსამართლე ნადარაიამ.
– მთელი საგამოძიებო კომისიის სარჩელი აგებულია სწორედ ამაზე, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სისტემური დანაშაულებებით მოკლა ადამიანები – უპასუხა წითლიძემ.
წარსული საქმეები და ორმაგი სტანდარტი
● წითლიძემ გაიხსენა წინა ხელისუფლების თითქმის ყველა გახმაურებული საქმე. მათ შორის აფრასიძეების, როინ შავაძის, სანდრო გირგვლიანისა და იური ვაზაგაშვილის. მან თქვა, რომ ცალკეული პირების შესაძლო დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს მთელი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი.
● როინ შავაძის საქმეზე საუბრისას წითლიძემ თქვა, რომ კიტხვები მასაც აქვს. (როინ შავაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი იყო. ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 24 აგვისტოს ბათუმში დააკავეს, მოგვიანებით კი მოკლეს. საქმეს თან ახლდა წამებისა და უკანონო ანგარიშსწორების შესახებ ბრალდებები. ამ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები დღემდე პოლიტიკური და სამართლებრივი დავის საგანია_JAMnews):
„როინ შავაძის საქმე იყო პრობლემური საქმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ საქმესთან დაკავშირებით მეც მაქვს კითხვები. მეც ვითხოვ, რომ როინ შავაძის საქმე კიდევ ერთხელ იქნეს გამოძიებული. მაგრამ რანაირად შეიძლება, რომ როინ შავაძის საქმე იყოს ჩვენი აკრძალვის საფუძველი, როცა როინ შავაძის საქმის მთავარი გამომძიებელი, ვინც წარმართავდა საქმეს იყო რესან კონცელიძე. კაცი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. ასევე, ამ საქმის დროს პროკურორის მოადგილე იყო ვასილ როინიშვილი, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა“.
● გირგვლიანის საქმეზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელიც მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უვადო მოსამართლედ დანიშნა. (2006 წლის იანვარში, თბილისში, კაფე „შარდენში“ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, შსს-ს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა პირებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. გირგვლიანი მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. საქმეზე ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი გაასამართლეს. თუმცა მათი შეწყალებისა და ვადამდე გათავისუფლების გამო საქმე საზოგადოების პროტესტის საგნად იქცა_JAMnews)
„ქართული ოცნებისთვის მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, როცა ეს ოპოზიციის ასაკრძალად სჭირდებათ, ხოლო 2012 წლის შემდეგ – კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამ ორმაგი სტანდარტით თქვენ ანგრევთ მართლმსაჯულების იდეას“
● წითლიძის განცხადებით, წინააღმდეგობრივია, როდესაც მოსარჩელე მხარე წარსულში სასამართლოს საქმიანობას პარტიის აკრძალვის არგუმენტად იყენებს. მაგრამ იმავე სისტემაში მომუშავე პირების დღევანდელ სტატუსს არ ითვალისწინებს.
ზურაბ ადეიშვილი და ყოფილი ჩინოვნიკები განმკითხველის როლში
● ანა წითლიძემ ყურადღება გაამახვილა, რომ “ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელში 25-ჯერ არის ნახსენები ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ადეიშვილი. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მისი საქმიანობა იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს. (ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო. იგი 2004–2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის, ხოლო 2008–2012 წლებში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა_JAMnews).
● წითლიძე ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილი თავად ერთხელაც არ ჰყავს ნანახი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი კი ადეიშვილის მინისტრობის დროს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. წითლიძემ მოსამართლეებს ჰკითხა:
„როგორ შეიძლება, ადამიანს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალონ იმ პირის წარსული საქმიანობის გამო, რომელიც პირადად მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი. მაშინ, როდესაც იმავე სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში მუშაობს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობს“.
ციხის კადრები, ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების საქმეები, პირადი ცხოვრების ხელყოფა
● ანა წითლიძემ ახსენა ციხის კადრების, ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების საქმეები. თქვა, რომ ციხის კადრების დადგმის შესახებ ლადო ბედუკაძესთან ერთად თამაზ ელიზბარაშვილმაც ისაუბრა.
● რაც შეეხება ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების ფაქტებს, მან “ქართული ოცნების” პერიდის საქმე გაიხსენა, სინდისის პატიმარ გიორგი ახობაძის. ახობაძე აქციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს ბრალი. თუმცა, სასამართლომ იგი გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
● ილაპარაკა პირადი ცხოვრების ხელყოფის საკითხზე. მან თქვა, რომ თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება სისტემურ დანაშაულად განიხილება, პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირების მიმართაც უნდა დაისვას, რომლებმაც ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაავრცელეს. ახსენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსებიც, რომლებიც 2021 წელს გავრცელდა.
კორუფციის ბრალდებები ენმ-ს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ციხეში
● ანა წითლიძე შეეხო კორუფციის ბრალდებებსაც. მან თქვა, რომ მოსარჩელე მხარე „ნაციონალურ მოძრაობას“ კორუფციულ დანაშაულებს ედავება, მაშინ როდესაც ამ პარტიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით არსებობს არაერთი კითხვა.
● ახსენა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, უსაფრთხოების ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეები:
„მოკლედ, აი, რა გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ მათი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლში აღმოაჩინეს“, – განაცხადა წითლიძემ.
● მან თქვა, რომ ასეთი გარემოებების ფონზე გაუგებარია, რატომ იყენებს მოსარჩელე მხარე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ კორუფციულ ფაქტებს პარტიის სისტემურ დანაშაულად შესაფასებლად და ამ საფუძვლით ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად.
საერთაშორისო პარტნიორები და სანქციები
● წითლიძემ გააკრიტიკა ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და სანქციების საკითხის დაყენების წინააღმდეგ მიმართული არგუმენტებიც. „ქართული ოცნება“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობასა და სანქციების საკითხის დაყენებას
წითლიძემ თქვა, რომ პარტნიორებთან კომუნიკაცია პოლიტიკური საქმიანობის ნაწილია. სანქციების დაწესების გადაწყვეტილებებს კი თავად პარტნიორები იღებენ.
წითლიძე – “ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც… რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია”
● “მე არ გთხოვთ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი – ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, – ასე დაასრულა გამოსვლა ანი წითლიძემ.
– რიტორიკულ შეკითხვას არ სჯობდა გეთქვათ… – ფრაზა აღარ დაასრულა სასამართლოს თავმჯდომარემ და გაბრაზების დამალვა სცადა – ითხოვთ რომ არ დაკმაყოფილდეს ხომ სარჩელი?
– არაფერს არ ვითხოვთ! – უპასუხა წითლიძემ.
ლევან ბეჟაშვილი – “სამართალი არ უნდა დამარცხდეს ხელისუფლებასთან ერთად”
● ლევან ბეჟაშვილისა და ალიკა კუპრავას გამოსვლა შედარებით მოკლე იყო. ენმ-ს შესაგებელი თემების მიხედვით ჰქონდა გადანაწილებული. (შეგახსნებთ, მათ გუშინ, ზაზა ბიბილაშვილის ძალიან ვრცელი ახსნა-განმარტებებით დაიწყეს სასამართლოში შესაგებლის წარდგენა).
“დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება თუ არა საქართველოში კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება“,- ასე მიმართა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
● მისი თქმით, მათ გადაწყვეტილებას შეაფასებენ იმის მიხედვით, დაიცავენ თუ არა სამართალს მაშინ, როდესაც მისი დაცვა ყველაზე რთული იყო.
„ისტორია არ იმახსოვრებს, ვის ჰქონდა კონკრეტულ მომენტში მეტი ძალაუფლება. ის იმახსოვრებს, ვინ რა გააკეთა, როდესაც ძალაუფლება ჰქონდა. დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება თუ არა საქართველოში კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება.
თქვენს გადაწყვეტილებას შეაფასებენ, დაიცავით თუ არა სამართალი მაშინ, როდესაც მისი დაცვა ყველაზე რთული იყო. პარტია შეიძლება დამარცხდეს, პოლიტიკოსი შეიძლება წავიდეს, მაგრამ სამართალი არ უნდა დამარცხდეს ხელისუფლებასთან ერთად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
შეფასებები დღის ბოლოს
● “ზეგ დილიდან, სავარაუდოდ, ჩვენი გამოსვლის რიგი იქნება – ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ „ქართული ოცნების“ რეალური მიზანი, გაანადგუროს ოპოზიცია ამ ქვეყანაში. ეს პროცესი მე მგონი, კარგის არაფრის მომტანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
● “ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა ჭორაობა. ჭორაობის დონეზე ჩატარებული დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები არ არის საკმარისი საფუძველი, პოლიტიკურ პარტიას მოუგონო, თითქოს მან ჩაიდინა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება”, – ეს იყო “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრის, მაია კოპალეიშვილის შეფასება.

პარტიების აკრძალვა