შავი კატა ბნელ ოთახში: ოპოზიციის აკრძალვის საქმის მეექვსე დღე
ოპოზიციის აკრძალვის საქმე
28 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვის მეექვსე დღეს სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინა.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს “ქართული ოცნების” 88 დეპუტატი აწერს ხელს. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვენ: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამ პარტიებმა დაარღვიეს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, რომელიც კრძალავს იმ პარტიების საქმიანობას, რომელთა მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი გზით შეცვლაა. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ამ პარტიებმა უარი თქვეს მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებაზე. სარჩელში მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობების ორგანიზებაშიც ადანაშაულებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასაც ეხება. ამის საფუძვლად პარტიის პასუხისმგებლობა სახელდება 2008 წლის აგვისტოს ომზე რუსეთთან. იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტია იყო. ხუთივე მოპასუხე ყველა ბრალდებას უარყოფს.
სხდომები სასამართლოში 30 ოქტომბრის ჩათვლით არის ჩანიშნული. სასამართლომ გადაწყვეტილება 2027 წლის 24 ივნისამდე უნდა მიიღოს.
სხდომაზე ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა. სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ორჯერ შეეკამათა კოალიციის წარმომადგენლებს: ევროპარლამენტის რეზოლუციის ციტირებისას და რუსეთის დოქტრინის ხსენებისას.
სხდომა 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე განახლდება. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს ვადა. სარჩელის დასაკმაყოფილებლად შვიდი მოსამართლიდან ოთხის ხმაა საჭირო.
სხდომის დასაწყისი
● სხდომა 11:00 საათზე განახლდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინტერესებს სასამართლოში ნიკა გვარამია, თენგო თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიგა ლემონჯავა და მარიკა არევაძე იცავენ.
ევროპარლამენტის რეზოლუცია და თავმჯდომარის გაფრთხილება
● ლემონჯავამ სასამართლოს 8 ოქტომბრის ევროპარლამენტის რეზოლუცია გააცნო. მისი თქმით, დოკუმენტში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრად და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის სტრატეგიის ნაწილად არის შეფასებული. ევროპარლამენტარები პარტიების აკრძალვის მცდელობას რუსეთისა და ბელარუსის მოდელს ადარებენ.
● საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის პირველი დღე: აცილებები, გაძევება და უარყოფილი შუამდგომლობები
● პარტიების აკრძალვის საქმე -მეორე დღის ქრონიკა: ვენეციის კომისია, სტრასბურგი და „კაფკას პროცესი“
● „თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ“: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის მესამე დღე
● ბიძინა ივანიშვილს მოწმის სახით არ დაკითხავენ. პარტიების აკრძალვის საქმე, დღე IV
● „პოლიტიკური ჭორი, მითი და მანიპულაცია“ – აქცენტები პარტიების აკრძალვის საქმის მეხუთე დღიდან
● ნადარაიამ ლემონჯავას სიტყვა გააწყვეტინა: „ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია?“ მისი თქმით, რეზოლუციას სარჩელთან კავშირი არ აქვს, საზოგადოების ინფორმირება კი სხვა დროს უნდა მოხდეს.
● გვარამიამ პროტესტი გამოთქვა: „ჯერ ერთი, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს არ ელაპარაკებიან. საჯაროობა არ გულისხმობს სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოსთან დიალოგს“. ნადარაიამ უპასუხა: „საჯაროობა ნიშნავს იმას, რომ სხდომას ყველამ მიადევნოს თვალყური და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს ვინმემ“. გვარამიას მან დაუმატა: „მაწყვეტინებთ და წესრიგს არღვევთ!“
„ახალი რეალობის“ დოქტრინა სარჩელის გვერდით
● მეორე კამათი ისევ ლემონჯავას გამოსვლისას დაიწყო. მისი თქმით, სარჩელის ორი საკვანძო თეზისი, 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრების ხელოვნური აღდგენა და 2008 წლის ომის საქართველოს მიერ დაწყება, სიტყვასიტყვით ემთხვევა რუსეთის ფედერაციის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინას „ახალი რეალობის შესახებ“. ლემონჯავამ თქვა, რომ თუ სასამართლო ამ თეზისებს ფაქტად დაადგენს, საქართველოს სახელმწიფო ორგანო დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მისცემს რუსულ ნარატივს შიდა სახელმწიფოებრივ სამართლებრივ ლეგიტიმაციას.
● ნადარაიამ ლემონჯავას გამოსვლის გაგრძელება არ დართო: „ახლა ქართულ პოლიტიკასაც გასცდით – რა დოქტრინა, რის დოქტრინა?!“ მისი შეფასებით, ლემონჯავამ „ძალიან არაეთიკურად დაიწყო“, როცა სარჩელი უცხო ქვეყნის დოქტრინას დაუკავშირა. თავმჯდომარემ დაამატა: „ნუ მედავებით! ნუ მიხსნით!“
● ლემონჯავამ სასამართლოს შეახსენა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოს ბედზე აისახება: „თქვენ იმ საფრთხეების შესახებ ხომ უნდა იცოდეთ, რაც ამ საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილებას მოჰყვება. თქვენ ხომ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებთ. თქვენი გადაწყვეტილება ხომ მშრალი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ არის, ამ სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებას ხომ სახელმწიფოს ბედისწერაზე აქვს გავლენა, ეს ხომ ამ მნიშვნელობის სასამართლოა“. ნადარაიამ უპასუხა: „არ არის დემაგოგია საჭირო! სარჩელში მოყვანილი გარემოებებით, ფაქტებით რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის 23-ე მუხლს, ამას ვიხილავთ ჩვენ!“
● ლემონჯავამ დაამატა, რომ სარჩელის შინაარსისთვის იურიდიული ძალის მინიჭება კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ეს მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.
„ნუ ეძებთ შავ კატას“: კამათი ყოფილ კოლეგებს შორის
● „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი და მოსამართლე ევა გოცირიძე ერთ დროს ერთად ისხდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიაში. 28 ოქტომბერს მათ შორის კამათი გოცირიძის კითხვამ გამოიწვია: არსებობს თუ არა სამართლებრივი ტერმინი „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“.
● კოპალეიშვილმა უპასუხა: „ქალბატონო ევა, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ კონსტიტუციური სარჩელი სათანადო მიმართულებით არ გაქვთ შესწავლილი“. მოსამართლემ ეს კომენტარი შეუფერებლად შეაფასა: „ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო. ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის“.
● კამათში გვარამია ჩაერთო. მისი თქმით, ეს ტერმინი სისხლის სამართლის შემადგენლობაა: „სისხლის სამართლის შემადგენლობაა, რას ჰქვია არ იცნობთ. ტერმინია – ლათინური სიტყვა კი არ არის, ტერმინი მხოლოდ“.
„ჩემი სტუდენტები იყვნენ“
● კოპალეიშვილმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებსაც მიმართა. გორდულაძის თქმით, პარტიები უნდა აიკრძალოს, რომ მომავალ თაობებს საფრთხე არ დარჩეთ. კოპალეიშვილმა უპასუხა, რომ გორდულაძე და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი თორნიკე ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი სტუდენტები იყვნენ: „მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი – როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ თურმე საფრთხეს ამ ქვეყნის მომავლისთვის?“
36 წელი მრავალპარტიული არჩევნებიდან
● 28 ოქტომბერს 36 წელი შესრულდა 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან. გვარამიამ სასამართლოში ეს თარიღი სარჩელის შესაძლო შედეგს დაუკავშირა: „მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ, ოღონდ უკვე ზვიად გამსახურდიას გარეშე“.
● გვარამიამ „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეზეც ისაუბრა: „დღეს ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ითხოვს „ქართული ოცნება“, გაუქმდება ბადრი ჯაფარიძე, როგორც პოლიტიკოსი. ეს ის კაცია, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. სამაგიეროდ, ისინი, ვინც კანონიერი ხელისუფლება გადააგდო, თან იარაღით, ამ სარჩელს აწერს ხელს. ასეთი გამრუდებული რეალობა გვაქვს“.
შეფასებები სხდომის შემდეგ
● „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა თორნიკე ართქმელაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვა ბოლო 35 წლის განმავლობაში წვალებით აშენებულს „ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს“. მისი აზრით, ეს პროცესი პოლიტიკური ველის გაწმენდის პირველი ეტაპია: „ეს არის მომზადება იმისა, რომ პირველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიებისგან მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი და შემდეგ ნებისმიერ აქტიურ პიროვნებას აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა“.
● ართქმელაძემ ასევე თქვა: „სურვილი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ მხოლოდ ის იყოს პოლიტიკურ ველზე და არავინ სხვა, უბრალოდ მათ არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სულ მცირე მილიონამდე ადამიანი, რომელიც არ დათმობს თავის თავისუფლებას. ეს ადამიანები თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან“.
რა ხდება შემდეგ
● ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება. 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
ბექგრაუნდი
● სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს პარტიები კონსტიტუციის 23-ე მუხლს არღვევენ, რომელიც კრძალავს პარტიებს, რომელთა მიზანია კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლა.
● ოპოზიციური ალიანსი 25 ოქტომბერს თბილისში მსვლელობით პროტესტის კამპანიას დაიწყო, რომელიც 28 ნოემბერს უფრო მასშტაბური აქციით უნდა დასრულდეს.