პარტიების აკრძალვის საქმე -მეორე დღის ქრონიკა: ვენეციის კომისია, სტრასბურგი და „კაფკას პროცესი“
პარტიების აკრძალვის საქმე მეორე დღე
22 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა გაგრძელდა. სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა მოთხოვნილი: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“. ქვემოთ მეორე დღის მთავარი ამბები და განცხადებებია თავმოყრილი. მეორე დღესაც საქმე შუამდგომლობების ეტაპზე დარჩა და ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. განხილვა დღეს, 23 ოქტომბერს, გრძელდება.სხდომები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს ვადა.
„დაგვიკონკრეტონ, რაში გვდებენ ბრალს“
● მეორე დღის მთავარი თემა ოპოზიციისთვის ის იყო, რომ სარჩელი ხუთივე პარტიას ერთად განიხილავს. „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე თქვა, რომ ხუთი ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს. მისი თქმით, „ლელო“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა და სხვა პარტიებთან კავშირი არ აქვს.
● ჯაფარიძემ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადება, რომ პარტიების გაუქმებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მისი სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ „განაჩენი გამოიტანა“. სხდომის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ უპასუხა, რომ სასამართლო პოლიტიკოსების განცხადებებს ვერ შეაფასებს: „არავითარი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერ მოგვაქცევს ვერავინ“.

● „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ჯაფარიძის არგუმენტს ნაწილობრივ დაეთანხმა. მისი თქმით, ხუთი პარტიის ერთ პროცესში გაუქმების მაგალითი მართლაც არ არსებობს, მაგრამ არც ის არსებობს, რომ ხუთმა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულმა, კონსტიტუციის 23-ე მუხლი ფეხქვეშ გათელოს.
ვენეციის კომისია და „ბიბლიური ჭეშმარიტება“
● „ლელომ“ სასამართლოს სთხოვა, სხდომაზე ვენეციის კომისიის სამი ექსპერტი მოეწვია, რომ მათ შეეფასებინათ, რამდენად შეესაბამება პარტიების აკრძალვა ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს. შუამდგომლობას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ, „ქართული ოცნება“ კი წინააღმდეგი იყო.
● ნადარაიამ შუამდგომლობა დაუსაბუთებლად შეაფასა და თქვა, რომ ევროპელი იურისტების მოსმენა სხვაგანაც შეიძლება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამტკიცებდა, რომ ვენეციის კომისია ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანებაა და მისთვის მიმართვის უფლებას ორგანული კანონი იძლევა. ნადარაიას შეკითხვას გვარამიამ ასე უპასუხა: „თქვენი შეკითხვა ბიბლიური ჭეშმარიტებაა თუ რას ნიშნავს?“ პლენუმმა ადგილზე ითათბირა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
● არ დაკმაყოფილდა „ლელოს“ კიდევ ერთი შუამდგომლობა. პარტია ითხოვდა, არსებით განხილვაზე მიეღოთ მისი 2025 წლის 28 ოქტომბრის სარჩელი №1907 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის ნორმებზე, რომლებიც, პარტიის თქმით, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას და პოლიტიკურ პლურალიზმს ზღუდავს.
სტრასბურგი: „ნდობის არქონა საფუძველი არ არის“
● „ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ მოითხოვა, საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან საკონსულტაციო დასკვნა გამოეთხოვა. პარტია ხუთ კითხვას სვამდა: რა კრიტერიუმით შეიძლება პარტიის აკრძალვა, რა მტკიცებულებაა საჭირო, რა მეტი წონა აქვს, პარტიის დეკლარირებულ მიზნებს თუ რეალურ ქმედებას, არსებობს თუ არა ნაკლებად შემზღუდველი ზომა და რა სტანდარტით შეიძლება რამდენიმე პარტიის საქმის ერთად განხილვა. შუამდგომლობის ერთ-ერთი არგუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობა იყო.

● ნადარაიამ განმარტა, რომ ნდობის არქონაზე მითითება დაუსაბუთებელია. მისი თქმით, საქმე მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა, მაგრამ ეს სტრასბურგში მიმართვისთვის საკმარისი საფუძველი არ არის. ნადარაიამ ისიც თქვა, რომ ეროვნულმა სასამართლომ ევროპულ სასამართლოს არ უნდა ჰკითხოს, შეიძლება თუ არა ხუთი პარტია ერთად იყოს მოპასუხე.
მტკიცებულებები და ერთი თვე
● „კოალიცია ცვლილებისთვის“ ითხოვდა მტკიცებულებების გამოთხოვას იუსტიციის სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან, მოწმეების ვინაობის დადგენას და არსებითი განხილვის გადადებას.
ასევე მოითხოვა, მოპასუხეებს მასალების გასაცნობად ერთი თვე მისცემოდათ. პლენუმმა შუამდგომლობა ერთხმად არ დააკმაყოფილა. ნადარაიას განმარტებით, სასამართლო ამ ეტაპზე მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაში ვერ დარწმუნდა, რადგან მოთხოვნილი მასალები იმავე დასკვნას ეფუძნება, რომელიც საქმეში უკვე არის.
● „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. არჩილ გორდულაძის თქმით, მოპასუხეები აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებსაც სამართლებრივი დასაბუთება და საქმესთან კავშირი არ აქვს. თორნიკე ჭეიშვილის შეფასებით, პარტიები ერთსა და იმავე აზრს სხვადასხვა ტერმინებით აყალიბებენ და მათი შუამდგომლობები თითქმის იდენტურია.
სასამართლოს გარეთ
● სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამართლებრივი მოსაზრება (amicus curiae) ჯერ არ წარუდგენია, თუმცა „ლელომ“ მას 19 ოქტომბერს მოუწოდა. სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თამარ გვარამაძის თქმით, აპარატში შიდა მსჯელობა მიმდინარეობს: „დღეის მდგომარეობით, ასეთი გადაწყვეტილება არ არის“.
● „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია, როცა საერთაშორისო აქტორები სასამართლოზე ზეწოლაზე გათვლილ განცხადებებს აკეთებენ. მისი თქმით, ეს მავნე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
შეფასებები სხდომის შემდეგ
● „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ პროცესი კაფკას „პროცესს“ შეადარა: მისი თქმით, არ იციან, ვის რა ედება ბრალად. ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ მეორე დღის ბოლოსაც ვერცერთი პარტია ვერ გაიგებს, კონკრეტულად რას ედავება „ქართული ოცნება“, და ამაზე ერთადერთი პასუხი „დაგველოდეთ“ არის.
● ანა წითლიძის შეფასებით, მოსამართლეები „ქართული ოცნების“ აქტივისტებივით იქცევიან. „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის თქმით, აკრძალვა მხოლოდ პარტიებს კი არა, საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს ეხება. „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ბუჩუკური ვარაუდობს, რომ მესამე დღეც შუამდგომლობებით დაიწყება. მისი თქმით, ის, რომ სასამართლო არცერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.