ბიძინა ივანიშვილს მოწმის სახით არ დაკითხავენ. პარტიების აკრძალვის საქმე, დღე IV
პარტიების აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა
26 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
სარჩელს “ქართული ოცნების” 88 დეპუტატი აწერს ხელს. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აკრძალვას ითხოვენ. ეს პარტიებია: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
პროცესი 14:00 საათზე დაიწყო. სასამართლო 19:00 საათამდე მუშაობდა, შუალედში შესვენებით. არსებით განხილვაზე სასამართლომ მხარეების ახსნა-განმარტებები უნდა მოისმინოს.
დღეს მხოლოდ “ქართული ოცნების” ახსნა -განმარტებებისა და ენმ-ს ერთი წევრის, ზაზა ბიბილაშვილის მოხსნების მოსმენა მოასწრეს. ბიბილაშვილი 2.5 საათი საუბრობდა ენმ-ს პოზიციაზე. სასამართლოს თავმჯდომარემ მას არაერთხელ შეაწყვეტინა სიტყვა.
ქვემოთ შეჯამებულია მთავარი მოვლენები სასამართლო სხდომიდან.
განხილვა 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდება. სხდომები 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასამართლომ გადაწყვეტილება 2027 წლის 24 ივნისამდე უნდა მიიღოს.
ბიძინა ივანიშვილს მოწმის სახით არ დაკითხავენ
● არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გამოაცხადა გადაწყვეტილება პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე.
შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, დაკმაყოფილდა გარკვეული სახის მასალების საქმეზე მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა.
თუმცა პარტიას უარი ეთქვა პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით დაკითხვაზე. ივანიშვილის გარდა, სასამართლომ უარი თქვა დაეკითხა: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და ა.შ.
ეს იყო ოპოზიციური პარტიების რიგით მე-14 და ბოლო შუამდგომლობა. მოწმეების გამოკითხვის მსგავსად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც წინა 13 შუამდგომლობა.
პოლიტიკური განცხადებები აკრძალულია
● შემდეგ არსებითი განხილვა მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით გაგრძელდა. მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იყო. მან სარჩელის მოკლე აღწერილობა და შინაარსი მიმოხილა.
● მისი მოხსენების დასრულების შემდეგ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მხარეებს, რომ თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. მისი განცხადებით, მართალია საქმე პოლიტიკური საქმიანობებისა და პარტიების შეფასებას ეხება, მაგრამ, მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან: “მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური კორექტულობით, ყოველგვარი ეპითეტების გარეშე, ისე, რომ ამან არ გამოიწცვიოს მეორე მხარის გაღიზიანება”.
● შესავალი პროცეუდურების შემდეგ, მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენა დაიწყო. მოსარჩელე მხარე, “ქართული ოცნება”, სასამართლოში დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარმოადგინა. მოპასუხე მხარე ხუთივე ოპოზიციური პარტიაა. დღეს მხოლოდ ენმ-ს ერთი წევრის, ზაზა ბიბილაშვილის შესაგებლის მოსმენა მოესწრო.
რას ედავება “ოცნება” ოპოზიციურ პარტიებს – გორდულაძის მოხსენება
● არჩილ გორდულაძის თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროასა” და “ფედერალისტებს” ედავებიან – კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობების მხარდაჭერას. 2004–2012 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან გაუმიჯნაობას. არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. და, რუსეთთან საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობას.
● ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ გუნდს “არჩევნებით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას”. 2022 წელს ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობის მხარდაჭერას. ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებისგან გაუმიჯნაობასა და 2019–2025 წლებში კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობების მხარდაჭერას.
● ექს – პრემიერ გახარიას ედავებიან 2021 წელს, ენმ-ს ლიდერ, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული მოვლენებისგან გაუმიჯნაობას. არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებებისგან გამიჯვნის არარსებობას. ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მხარდაჭერას. საპროტესტო აქციების დროს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობების მხარდაჭერას. უცხოური ძალებისთვის ხელის შეწყობასა და ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებით გამოწვეული ტერიტორიული მთლიანობისთვის საზიანო შედეგების მხარდაჭერას.
“ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ!“- განაცხადა გორდულაძემ.
“სარჩელს პასუხობთ თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ?”
● “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომხსენებელი ზაზა ბიბილაშვილი იყო. სიტყვის დაწყებიდან მალევე, მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიტყვა შეაწყვეტინა. მოსამართლეს არ მოეწონა ბიბილაშვილის ფრაზა, რომ პარტიებს “აღნიშნული პროცესის შედეგებთან დაკავშირებით არანაირი ილუზია არ აქვთ”.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, ეს ფრაზა სასამართლოს შეურაცხყოფად ჩათვალა:
“სარჩელს პასუხობთ თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ ჩვენი გადაწყვეტილების გამო. აცილებას გვიყენებთ თუ რა გინდათ? გარკვეულწილად, ირიბად,სასამართლოს თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, როდესაც ჩვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანეთ – თქვენ გამოხატავთ უპატივცემულობას და ამასაც თავისი ზღვარი ექნება, გაითვალისწინეთ!“
“სარჩელის შედეგი იქნება რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე”
● ზაზა ბიბილაშვილი, ამ შესავლის შემდეგ, თითქმის 2,5 საათი წარადგენდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შესაგებელს. მან დეტალურად გაიხსენა როგორი ქვეყანა იყო საქართველო 2000-იანი წლების დასაწყისში, რა მემკვიდრეობა ჩაიბარა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და როგორი ქვეყანა დაუტოვა “ქართულ ოცნებას”. საუბრობდა “ოცნების” პოლიტიკაზე, მის მთელ რიგ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებზე.
● ბიბილაშვილმა ისაუბრა საფრთხეებზე, რასაც, მისი შეფასებით, ეს სარჩელი შეიცავს. მან თქვა, რომ სინამდვილეში, ამ სარჩელის მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ.
“მინდა ხაზი გავუსვა – არა რომელიმე პარტიამ, არამედ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, თქვენმა და ჩემმა სამშობლომ, ჩვენმა სახელმწიფომ. შეიძლება იდავონ, რომ ეს არ არის მიზანი. მაგრამ, ვერავინ იდავებს, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგი იქნება ზუსტად ეს – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დონეზე“.
მან თქვა, რომ მოსარჩელე მხარე შეგნებულად ურევს ერთმანეთში პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე, არ ასხვავებს სახელმწიფოსა და პარტიას და არ ავლებს მათ შორის არანაირ ზღვარს.
„საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ ცალმხრივად თავად შექმნა. მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“
● შესაგებელში ზაზა ბიბილაშვილმა ახსნა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც პარტოებს ასამართლებენ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. ეს დასკვნა კი ფაქტობრივად და სამართლებრივად იმდენად ნაკლულია, რომ მისი გაზიარება შეუძლებელია.
მან გაიხსენა, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მომზადებულ განმარტებით ბარათში ოპოზიცია უკვე დამნაშავედ იყო გამოცხადებული. კომისიის შექმნამდე, წინასწარ ჩანდა შედეგი, რაც კომისიის მუშაობის შედეგად უნდა დამდგარიყო:
“მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ მათ ერთი მტკიცებულება კი არა, ბევრი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი. თუმცა სარჩელი საპირისპიროზე მეტყველებს. თუ მტკიცებულება ბევრია, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იყო, ეს მტკიცებულებები სარჩელისთვის დაერთო . საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ თავად ცალმხრივად შექმნა. სარჩელის ყველა ბრალდება ერთი და იგივე ფორმულირებით მთავრდება: – „ყოველივე ეს დასტურდება საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით და სხვა სათანადო წყაროებით. სახალხო ენაზე რომ ვთქვათ: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა – ეს არის მთელი ჩვენი პროცესი!“
“განულებული ოპოზიცია შეუძლებელია იყოს მყისიერი საფრთხის მატარებელი დემოკრატიული წეს-წყობილებისთვის”
● ვრცელი სიტყვის დასასრულს, ზაზა ბიბილაშვილმა სასამართლო კოლეგიას ფეხბურთიდან მოუყვანა ანალოგი. მან ჰკითხა, როგორი წარმოსადგენია, ჩემპიონატში კრძალავდნენ ყველა გუნდს, ერთი გუნდის გარდა?
მან განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, პარტიების აკრძალვა უნდა იყო არა მათი დასჯა, არამედ მყისიერი საფრთხისგან თავის დაცვა. სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს პარტიების აკრძალვის გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს მსგავსი არაფერი დაუდასტურებია. პირიქით, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ “არანაირი მყისიერი საფრთხე, აუცილებლობა, ოპოზიციის აკრძალვის არ არსებობს” .
მოიშველია კობახიძის სიტყვები, რომ “ოპოზიცია განულებულია” და განაცხადა – “ეს მნიშვნელოვანი დეტალია. გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება. განულებულ ოპოზიციას კრძალავენ. განულებული ოპოზიცია შეუძლებელია იყოს მყისიერი საფრთხის მატარებელი დემოკრატიული წეს-წყობილებისთვის, სახელმწიფოსთვის და არსებობდეს მისი აკრძალვის გადაუდებელი საჭიროება”.
“იმოქმედეთ ისე, როგორც გინდათ შეხვიდეთ ისტორიაში”
● ვრცელი მოხსენების დასასრულს, ზაზა ბიბილაშვილმა თქვა, რომ მისი საბოლოო სიტყვა არ იქნება სტანდარტული სამართალწარმოების ფრაზა – არ დაკმაყოფილდეს სარჩელი:
“მე არ გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი. არამედ, იმოქმედოთ ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ თქვენივე შვილები. როგორც გინდათ რომ შეხვიდეთ ისტორიაში. იმოქმედეთ იმ სტანდარტით, როგორც გინდათ რომ მოგექცნენ ისინი, ვინც მოვლენ თქვენს შემდეგ.
ხშირად ავტორიტარმიზმის მსახურთა იმედი არის ის, რომ დემოკრატიული ძალები მათ დემოკრატიული და არა, მათ მიერვე დადგენლი სტანდარტით მიუდგებიან. თუმცა “ოცნების” 14-წლიანი მმართველობის შედეგად, ქართულ საზოგადოებაში მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ პრაქტიკის დაძლევის მომხრე არიან. ისინი მხარს უჭერენ, რომ მომავალში ყველა მათ მიერვე დადგენლი სტანდარტით იყოს განკითხული პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით. რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ იმ ეგრეთ წოდებულ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ჩვენმა მტერმა, რუსეთის ფედერაციამ მოგვაქცია”.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ბიბილაშვილის სიტყვებზე ისევ გაღიზიანდა.
– კორექტულად -თქო, მე გითხარით! კორექტულად! და თქვენი მიმართვა როგორ აღვიქვათ, ზეწოლის მცდელობად? რას ემსახურებოდა ეს მომართვა? – გაუმკაცრდა ტონი მოსამართლე რევაზ ნადარაიას.
– მე რა ბერკეტი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა განვახორციელო? – ჰკითხა ბიბილაშვილმა.
– მორალის წაკითხვა არავის არ სჭირდება – გამოეპასუხა მოსამართლე.
● ზაზა ბიბილაშვილის მოხსენება 18:30 საათზე დასრულდა. სამუშაო დღის დასრულებამდე მხოლოდ 30 წუთი იყო დარჩენილი. მომდევნო მომხსნებელმა, ასევე ენმ-ს წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მას ეს დრო არ ეყოფოდა. ამიტომ, მხარეები დღეს სხდომის დასრულებაზე შეთანხმდნენ.
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ხვალ, 27 ოქტომბერს, ანა წითლიძის მოხსნებით გაგრძელდება. პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. სასამართლო შეთანხმდა, რომ ისევ 19:00 საათამდე იმუშავებენ. მოპასუხე მხარეების მხრიდან, როგორც თავმჯდომარემ განმარტა, ოცი მომხსენებელია.
შეფასებები პროცესის შემდეგ
● სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მტკიცებულება არ აქვს სარჩელში წარმოდგენილი ფაქტების გასაბათილებლად:
„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი. რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები. არ არსებობდა ადამიანების რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არ შეუცვლია ქართველ ხალხს ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი“.
● “ლელო – ძლიერ საქართველოსთან“ დაკავშირებით მართლაც უნიკალური ბრალდებები მოვისმინეთ – თურმე კონსტიტუციის დარღვევაა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ქარტიას ხელი მოვაწერეთ და ადგილობრივი არჩევნების დროს გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე შევთანხმდით, – ეს განცხადება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.
● „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ მათ პარტიასთან მიმართებაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული “ქართულ ოცნებას” დღეს არ წარმოუდგენია:
“პარტია „ახალს“ ედავებიან რატომ მიიღო მონაწილეობა ალიანსის ჩამოყალიბებაში. ძალიან აბსურდული საკითხია. პასუხს ჩვენს ახსნა – განმარტებაში წარმოვადგენთ. გავაბათილებთ, „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად ყველა არგუმენტს, დაუსაბუთებელ სარჩელს. ობიექტური დამკვირვებელი დაინახავს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არის პოლიტიკური. მისი მიზანი არის არა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, არამედ პოლიტიკური პარტიების გაქრობა ველიდან და ერთპარტიული მმართველობის დამყარება. რაც, რა თქმა უნდა, ემსახურება დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში“.
პარტიების აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა