ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ "გაგრის ჯგუფის" 3 წევრს პატიმრობა შეეფარდა
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი ე.წ. გაგრის ჯგუფის სამი წევრი, სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სამივე ბრალდებულს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე კი ბრალდებულებს საბოლოო სასჯელად 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებს 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობის მცდელობა, ასევე, ყაჩაღური თავდასხმის გზით მოქალაქეებს გასტაცეს პირადი ნივთები და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, ე.წ. გაგრის ჯგუფის წევრებმა, გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მძევლად აიყვანეს, რის შემდგომაც ოჯახის წევრებისგან მათ გასათავისუფლებლად მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა.
“მათ ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რის შემდეგ მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა”. – წერია განცხადებაში.
● ტატუნაშვილის საქმე: ქართულმა სასამართლომ ცხინვალელ სამართალდამცავებს უვადო პატიმრობა შეუფარდა
● გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს
● საქართველოს პარლამენტმა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. რას ნიშნავს ეს და როგორ იმუშავებს?
საქართველოს პარლამენტმა “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” 2018 წლის ივნისში დაამტკიცა.
სიის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
ცხინვალსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან მოკლული საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სახელი ამ სიას სიმბოლურად ჰქვია. სიაში მხოლოდ ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულები არ არიან. პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, სიაში შედიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მყოფ პირებს დაუყადაღდებათ ის ქონება, რომელზეც საქართველოს მთავრობას ხელი მიუწვდება;
2. მათ შეეზღუდებათ ქონების გადაადგილება თუ შეძენა, ასევე ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებში;
3. ისინი ვერ მიიღებენ ვიზებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სამოგზაუროდ;
4. ისინი ვერ ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რომლებიც საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის აქვს დაწესებული – მაგალითად, ვერ იმკურნალებენ საქართველოში (2010 წლიდან მოქმედებს ე.წ. ჯანდაცვის პროექტი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთიდან და ოსეთიდან პაციენტების უფასოდ მკურნალობას საქართველოს საავადმყოფოებში).
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ თავის დროზე მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის გამო მიიღო და მის გასაფართოებლად არაფერს აკეთებს.