ტატუნაშვილის საქმე: ქართულმა სასამართლომ ცხინვალელ სამართალდამცავებს უვადო პატიმრობა შეუფარდა
თავისუფლების აღკვეთა უვადოდ – ასეთი სასჯელი განუსაზღვრა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებისთვის ბრალდებულ ორ ცხინვალელ სამართალდამცავს – დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს.
თავისუფლების აღკვეთა მათ დაუსწრებლად განესაზღვრათ, რადგან ბრალდებულები ქართულ მართლმსაჯულებას ემალებიან.
ორივე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის თებერვალში ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ექსპერტიზამ მის სხეულზე წამების კვალი აღმოაჩინა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებმა დავით გურწიევმა და ალიკ ტაბოევმა, რომლებიც ტატუნაშვილის გარდაცვალების მომენტისთვის ცხინვალის უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ცხინვალში, პროკურატურის შენობაში სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
ვინაიდან დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებდნენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ და შედეგიც დაუსწრებლად გამოცხადდა.
ტატუნაშვილის საქმე
2018 წლის 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს. მეორე დღეს 35 წლის ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
არჩილ ტატუნაშვილი ოსური და რუსული მხარეების მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში ცხოვრობდა. იგი ახალგორის მაღაზიებს თბილისიდან ჩატანილი პროდუქტებით ამარაგებდა.
ოსური მხარის ვერსიით, ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლეს და იგი ძალადობის მსხვერპლია.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოსური მხარე თითქმის ერთი თვის განმავლობაში არ უბრუნებდა ოჯახს. დაბრუნებულ ცხედარს კი, როგორც ექსპერტიზა ასკვნის, მრავალი დაზიანება ეტყობოდა. ცხედარს ამოცლილი ჰქონდა გული, ტვინი და სხვა შინაგანი ორგანოები.
დავით გურწიევი იმ დროისთვის ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწე იყო, ალიკ ტაბოევი კი – ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსი.
______________________________
● საქართველოს მთავრობამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” გამოაქვეყნა. მასში 33 პირი მოხვდა
● არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
● „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საპასუხოდ სამხრეთ ოსეთი „სანაკოევის სიას“ მიიღებს