გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას და ახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას, – ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სპეციალურ განცხადებაში.
განცხადებაში, რომელიც უშიშროების საბჭოს ახლანდელი და მომავალი წევრების – ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა გააკეთეს, აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
“აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში მხარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის ინტენსიფიკაციის გამო, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო წლებში, მათ შორის, გლობალური COVID-19-ის პანდემიის დროს.
• გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მკვლელი ისევ დაუსჯელია
• საქართველოს პარლამენტმა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. რას ნიშნავს ეს და როგორ იმუშავებს?
განცხადებაში, ასევე, შეშფოთებაა გამოთქმული იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში პანდემიისა და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ეწევა. ამასთან, მხარეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ყალბ პროპაგანდაზე, რომელიც ლუგარის კვლევითი ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.
გაეროს წევრმა 8 სახელმწიფომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო