სენატორი რიში: ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
“ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა” – განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა.
სენატორი ამბობს, რომ მხარეებმა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში უნდა იმოქმედონ.
„არჩევნების ჩატარება დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა და პანდემიის პირობებში, საქართველო უქმეებზე არჩევნებისთვის ემზადება, ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. მე მოველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, – განაცხადა მან
არჩევნების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე ადამ კინზინგერმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატაში.
“ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე”, – აცხადებს კინზინგერი.
გასული თვეების განმავლობაში, შეერთებული შტატების კონგრესი, ისევე როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აქტიურად აკვირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებების მიღების პროცესს.
● საპარლამენტო არჩევნები 2020. მოკლედ, რაც უნდა იცოდეთ
● აშშ-ის ელჩი: საქართველოში უნდა დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა
● კორონავირუსის გამო ათასობით ამომრჩეველი არჩევანს ვერ გააკეთებს
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია – ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, ამიტომ ის, ვინც ამ არჩევნებს მოიგებს, იქნება ქვეყნის მმართველი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში.