ომბუდსმენმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პატიმრის პალატაში შესვლა ძალიან გართულებულია. ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მის უფლებრივ ნაწილში გარკვეული საკითხები მოგვარებულია.
“დაახლოებით, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციის უწყებებს შორის. ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რაც გაუგებარია ჩემთვის.
გარკვეული საკითხები, რაზეც შენიშვნა მივეცით ადრე, გამოსწორებულია. მაგალითად: ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო გასინჯვებს. ასევე პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები, ჰიგიენის ნივთები სჭირდება. სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა ეს ფიზიკურად შეეძლება, ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ პენიტენციურ სამსახურს”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას ცნობით, სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულების და კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევის თხოვნით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართა
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტ
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან შეცვლილია. გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბოლო ორ დღეში სააკაშვილმა კიდევ 1 კილოგრამი დაიკლო.
“ფერმკრთალია, სუსტადაა, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა, ძალიან მძიმეა. ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით… მთლიანობაში არის ადამიანი ძალიან შეცვლილი. უჭირს სიარული”, – განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული, საქართველოში ფარულად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს ის დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
დაპატიმრებისთანავე ყოფილმა პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის პატიმრად მიიჩნევს.
ყოფილი პრეზიდენტი 50 დღე შიმშილობდა. ბოლო ორი კვირა ის აღარ იღებდა აღარც სამკურნალო მედიკამენტებს. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ექიმთა ჯგუფმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა.
საქართველოს სამოქალაქო სექტორი, დიპლომატები, რიგითი მოქალაქეები, მსახიობები, მწერლები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას სთხოვდნენ. ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა. გუშინ განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.
გარდა ამისა, არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლების წევრები ამ დრომდე ირწმუნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილი “ფეიკი” იყო კატეგორიულ უარს აცხადებდნენ მის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე.