ნიკა გვარამიას სააპელაციო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება
ნიკა გვარამიას სააპელაციო პროცესი
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება. დაცვის მხარის განმარტებით, ამდენთვიანი პაუზით საქმის განხილვის ვადები ირღვევა – საპროცესო კოდექსით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2-თვიან ვადაში უნდა გამოიტანოს.
მოსამართლეთა კოლეგიაში ამბობენ, რომ შვებულებების და სხვა საქმეების გამო, სხვა გამოსავალი არ არის.
“რაც შეეხება შემდეგი სხდომის თარიღს. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტოში შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვაქვს და გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ იმიტომ, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, მოსამართლეები აუცილებლად უნდა იყვნენ სასამართლოში, ამიტომ გრაფიკი განაწილებული გვაქვს. სექტემბერი ფაქტობრივად უკვე ბოლომდე გვაქვს შევსებული. ამიტომ, შემდგომი სხდომის თარიღად გთავაზობთ 4 ოქტომბერს, 14:00 საათს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ არის. აქ რომ ერთ მოსამართლეზე იყოს დამოკიდებული, შეიძლება რაღაც ლავირება მოახდინოს, მაგრამ ასე არ არის”. – თქვა სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.
16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
მკაცრს შეფასებას აკეთებს აშშ-ის საელჩო – ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.