საქართველოს მთავრობამ ე.წ. მწვანე პასპორტი გააუქმა
მწვანე პასპორტი უქმდება
საქართველოს მთავრობამ ე.წ. მწვანე პასპორტი გააუქმა. ამის შესახებ დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მწვანე პასპორტის მექანიზმი ქმედითი აღარ არის. მისივე თქმით, “ომიკრონის” შტამის უკონტროლო გავრცელების გამო, არაერთმა ქვეყანამ შეამსუბუქა კოვიდრეგულაციები.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა ერთი ქვეყანა, სადაც „მწვანე პასპორტი“ გაუქმდა და სადაც აცრის მაჩვენებელი საქართველოს მსგავსად დაბალია. ღიბრაძემ მსგავსი ქვეყანა ვერ დაასახელა.
“აცრის პროცენტულობა შეიძლება პირდაპირ არ იყოს მიბმული ლოგიკასთან“, – განაცხადა მან.
ღირბრაძის თქმით, თუ ადამიანს „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ სჭირდება, ის აღნიშნულს მიიღებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით სავალდებულო არ იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რომ პირველი თებერვლიდან საქართველოში შეჩერდება უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება (ეს არ ეხება სამედიცინო პერსონალს). ანუ, მაგალითად, თუ აქამდე მასწავლებლები ორ კვირაში ერთხელ იტესტებოდნენ, 1-ლი თებერვლიდან აღარ გაივლიან გეგმურ ტესტირებას. ეს იმიტომ კეთდება, რომ ყველაზე დიდი დატვირთვა “ომიკრონის” პირობებში სწორედ ლაბორატორიებზე მოდის.
● გარიყული აუცრელები – ანტივაქსერები ევროპაში სულ უფრო მეტ შესაძლებლობასა და უფლებას კარგავენ
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
ე.წ. მწვანე პასპორტი საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს. იგი ენიჭებოდათ პირებს, ვინც აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით; უკვე გადატანილი აქვს კოვიდი; ბოლო 72 საათში ჩატარებული აქვს PCR ტესტი; ბოლო 24 საათში ჩატარებული აქვს ანტიგენის სწრაფი ტესტი;
რაც შეეხება “ომიკრონს” – საქართველოში კორონადადებითი შემთხვევის 90 პროცენტი ომიკრონის შტამია. დანარჩენი ათი პროცენტის შემთხვევაში კი კვლავ დელტა ცირკულირებს.
● „ომიკრონით“ დაინფიცირების საშუალო ასაკი 33.7 წელია.
● ბავშვების ხვედრითი წილი საერთო ინფიცირების არ არის გაზრდილი. 19 წლამდე ბავშვების წილი 18-19 პროცენტის ფარგლებშია.
● საქართველოში “ომიკრონის” ორივე ქვეშტამი მოძრაობს – BA1 და BA2. როგორც საერთაშორისო ლიტერატურა ამბობს, BA2 ქვეშტამს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი, თუმცა უფრო მსუბუქია, ვიდრე დიდი ალბათობით, რადგან ვიდრე BA1.
● ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება.
● გამყრელიძის თქმით, “ომიკრონი” ისეა მოდებული, რომ ტესტირება აუცილებელი არ არის. მინიმალური სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე უნდა დარჩეს სახლში და ჩათვალოს, რომ “ომიკრონი” აქვს.