"მოტოროლა" და ახალი ომი
უკრაინული და რუსული მედია აქტიურად წერს ცნობილი საველე მეთაურის შესახებ, რომელიც უკრაინაში, თვითგამოცხადებულ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” (დსრ) დაიღუპა. უკანონო სამხედრო ფორმირება “სპარტას” ხელმძღვანელი, არსენი პავლოვი (რომელიც ცნობილია მეტსახელით “მოტოროლა”) დონეცკში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოკლეს.
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო კვირის განმავლობაში დონეცკის მიმართულებით სიტუაცია გამწვავებულია. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაიცხრილა სოფელ პოპასნაიაში მდებარე საავადმყოფო და იმავე მიზეზით სოფელ მარიინკაში 8 სახლი დაზიანდა. ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ამ კონტექსტში “მოტოროლას” მკვლელობა, შესაძლოა, სამხედრო მოქმედებების განახლების საბაბად იქცეს.
Hromadske TV იმის შესახებ, თუ ვინ არის მოტოროლა და რატომ წერენ და ლპარაკობენ მასზე ამდენს.
ვინ არის “მოტოროლა”?
საერთოდ, მას არსენი პავლოვი ჰქვია და ომამდე ავტომობილების ჩვეულებრივ მრეცხავად მუშაობდა.
გმირად ის რუსული ტელეარხების, “Россия-1”-ისა და “Рен-ТВ”-ს ჟურნალისტებმა აქციეს. მათ “მოტოროლას” შესახებ დაიწყეს სიუჟეტების მომზადება, რომლებშიც ნახევრად შიშველი პავლოვი ტყვიამფრქვევიდან ისვრის და თავად იგერიებს უკრაინული არმიის შემოტევას. Hromadske TV წერს, რომ რამდენიმე ასეთი სიუჟეტი პავილიონში გადაიღეს.
А2014 წლამდე არსენი პავლოვი რუსულ ქალაქ დონის როსტოვში ცხოვრობდა, ავტომანქანებს რეცხავდა და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისათვის იყო ნასამართლევი.
როდესაც “მაიდანი” დაიწყო, პავლოვი აღმოსავლეთი უკრაინის ქალაქებში ჩადიოდა და თავს “კიევის პოლიტიკით უკმაყოფილო უკრაინელად” ასაღებდა.
Hromadske TV წერს, რომ მუდმივი სამუშაოს არქონითა და საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემებით შეწუხებული მომავალი “მოტოროლა” სლავიანსკში დაწყებული სამხედრო მოქმედებების ადრეულ ეტაპზევე დაბრუნდა უკრაინაში და ცალკეული “ბატალიონის” მეთაური გახდა.
3 ივნისს იგი უკრაინელ სამხედროებთან გამართულ შვიდსაათიან ბრძოლაში შენიშნეს.
რუსეთში მას ცოლი და შვილი ელოდებიან; და ასევე განმეორებითი სასჯელი ავტომობილის მოპარვის გამო.
ფრონტელი ცოლი
2014 წლის ივლისში “მოტოროლა” მეორედ დაქორწინდა — ისე, რომ პირველ ცოლთან განქორწინება არ გაუფორმებია. პავლოვმა ცოლად “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” მომხრე, სლავიანსკელი ელენა კოლენკინა შეირთო. საქორწინო ცერემონია ყირიმში გაიმართა.
წამებისა და მკვლელობის შემთხვევები
Hromadske TV წერს, რომ არსენი პავლოვი უკრაინელი სამხედროების მკვლელობასა და წამებაში იღებდა მონაწილეობას. მაგალითად, 2015 წლის 6 აპრილს, “Kyiv Post”-ის კორესპონდენტის თხოვნით, იგი დონეცკის აეროპორტში მძევლად აყვანილი იგორ ბრანოვიცკის მკვლელობის ბრალდებას გამოეხმაურა. პავლოვმა აღიარა, რომ 15 ტყვე საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს.
Hromadske TV—ს მტკიცებით, ყველაზე დიდ სისასტიკეს პავლოვი იმ ტყვეების მიმართ იჩენდა, რომლებიც მოხალისეთა ბატალიონებსა და მოძრაობა “პრავი სექტორს” წარმოადგენდნენ.
დამსახურებები და ჯილდოები
პავლოვს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ზახარჩენკოსთან. მაგალითისთვის შეიძლება აღინიშნოს ის, რომ 2016 წლის 6 მაისს ზახარჩენკომ თავის თანამებრძოლებს დონეცკის ცენტრში 30 ბინა აჩუქა, და მათ შორის არსენი პავლოვიც იყო.
მის თანამებრძოლად იქცა ქალაქ ილოვაისკის მკვიდრი, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად “გივი”. ომამდე ტოლსტიხი სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო.
2016 წლის 9 მაისს დონეცკში გამართულ აღლუმზე პავლოვი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო — იგი ზახარჩენკოსთან, “გივისთან” და სხვა მეთაურებთან ერთად ტრიბუნებზე იმყოფებოდა და ქალაქის მოსახლეობას ხელს უქნევდა.
“მოტოროლას” ჯილდოები და “ფორმა” რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის არმიების განმასხვავებელი ნიშნების უგემოვნო და უწესრიგო ნაზავს ჰგავს.
ახალი ომი
“მოტოროლა” 2016 წლის 16 ოქტომბერს მოკლეს. მისი დაღუპვის ფაქტი თვითგამოცხადებულ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” დაადასტურეს. იქ ვარაუდობენ, რომ მკვლელობა “უკრაინელმა დივერსანტებმა” ჩაიდინეს.
დისტანციურად ამოქმედებული ბომბის სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტში 1,5 კილოგრამს შეადგენდა. თვითგამოცხადებული დსრ-ის წარმომადგენლის, დენის პუშილინის თქმით, აფეთქებისას კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ალექსანდრ ზახარჩენკომ უკვე განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ “სიჩუმის” რეჟიმი დაარღვია და აღნიშნა, რომ ბოევიკის დაღუპვას უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხრიდან ომის გამოცხადებად აფასებს.
“როგორც ვხვდები, პიოტრ პოროშენკომ ომი გამოგვიცხადა. დაელოდეთ,” — თქვა მან.
თავის განცხადებაში ზახარჩენკომ უკრაინელ ძალოვანებს მუქარით მიმართა: “წადით ახლა და გეშინოდეთ. აქ მყოფი ყველა თქვენი აგენტი კანონგარეშედაა გამოცხადებული. არამხოლოდ აქ, არამედ ჟიტომირშიც, ხარკოვშიც, კიევშიც და დნეპროპეტროვსკშიც. დანდობის იმედი ნუ გექნებათ,” – განაცხადა მან.
გამოქვეყნებულია: 18.10.2016