მოსაზრება: კობახიძემ აღმოაჩინა, რომ ციხეში მჯდომი ღარიბაშვილიც კი მასზე ძლიერია
კობახიძე და ღარიბაშვილი
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, მმართველ გუნდში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი სიმპათიით უყურებენ, ვიდრე მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. სწორედ ამ ძალის შეგრძნებას უკავშირებს ზაქარეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გააქტიურებას და მის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ წერილებს.
როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, ღარიბაშვილმა შესაძლოა ირწმუნა, რომ მომავალ არჩევნებში კობახიძის დამარცხება შესაძლებელია, ხოლო კობახიძემ, თავის მხრივ, აღმოაჩინა, რომ ციხეში მყოფ ყოფილ პრემიერსაც კი მასზე მეტი პოლიტიკური გავლენა აქვს. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა წერილებში პოზიციები კიდევ უფრო კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
პირველ სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოფილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.
უკვე 3 სექტემბერს, ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილის მიერ ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმულ ეჭვებს უშუალო ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა გამოძიებას ახალი ან ხელშესახები მტკიცებულება ვერ მიაწოდა.
პარალელურად, ზაქარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ მოხალისეთა ქვედანაყოფ „გეორგიევსკის“ შექმნაზეც და მას ირაკლი კობახიძესთან შესაძლო კავშირში განიხილავს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, საზოგადოებამ მომავალში მათი ერთობა იხილოს.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სახელით არის ცნობილი, რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად შექმნილ საერთაშორისო დანაყოფს უხელმძღვანელებს.
TASS-ის ინფორმაციით, რუსეთში შეიქმნა მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მიიღებს მონაწილეობას. დანაყოფის მეთაური საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

პაატა ზაქარეიშვილი: “ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში უფრო მეტი ფაქტები უნდა იყოს, გვარებით უნდა იყოს დაკონკრეტებული. როდესაც ლაზარე ჯორბენაძეზე იყო ლაპარაკი, მან მკაფიოდ თქვა, რომ ის მოკლულია და თავი არ მოუკლავს. ე.ი. რაღაც იცის და უნდა, რომ ბოლომდე მიიყვანოს. თუ ვერ დაამტკიცა, ამ საკითხის დისკრედიტაცია მოხდება.
ბოლო წერილები სულ უფრო და უფრო ემსგავსება სადღეგრძელოებს. ეტყობა, მოეწონა, რომ მის წერილებს ეფექტი ჰქონდა, აი მაგალითად, მდინარაძე გაუშვეს. მართალია, ის წერილების გამო არ გაუშვეს, იმის გამო გაუშვეს, რომ ვერ გააჩუმა ღარიბაშვილი და ვერ შეძლო ამ ადამიანის მოთოკვა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კობახიძე-მდინარაძის დონეზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ არჩევნებამდე გაენადგურებინათ ღარიბაშვილის “კლანი” და უცებ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილი არ არის მარტო და მისი პოლიტიკური მკვლელობა ასეთი ადვილი არ არის. ღარიბაშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ “ქართულ ოცნებაში” მას უფრო მეტი სიმპათიები აქვს, ვიდრე კობახიძეს. სწორედ ეს ძალა იგრძნო მან და ახლა ამ ძალის გახედნა უნდა. ის მიხვდა, რომ კობახიძის დამარცხება შეიძლება მომავალ არჩევნებში.
ღარიბაშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას დაემორჩილა, ციხეში წავიდა და უცებ აღმოჩნდა, რომ მისი პატიმრობა საკმარისი არ იყო კობახიძისთვის და მდინარაძისთვის. ის გრძნობს, რომ მისი ეშინია კობახიძესა და მდინარაძეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს კახა კალაძე ჩრდილში არის, ჩრდილიდან უყურებს ყველაფერს, თუნდაც უკრაინის ამბებს. აკვირდება ყველაფერს და ხედავს, რომ ძალიან სუსტია კობახიძე და შეიძლება მთელი გუნდი წაიყვანოს ღარიბაშვილმა არჩევნების წინ.
კობახიძემ აღმოაჩინა, რომ ციხეში მჯდომი ღარიბაშვილიც კი მასზე ძლიერია. ღარიბაშვილის ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს რეგიონში. როგორც ფიგურა, სუსტია, მაგრამ მან შექმნა ძალიან ძლიერი, მამა-პაპური კორუფცია: “მეც ვჭამ და თქვენც გაჭმევთ“.
ირაკლი კობახიძე ჩარეცხილია, ხალხი არ ჰყავს, ამიტომ ის, რაც შეიძლება მოხდეს დღეს, ანუ მისი გაშვება, მოხდება მოგვიანებით, ალბათ, 2028 წლისთვის. ან ისე უნდა გაუჭირდეს ივანიშვილს, რომ ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს.
პრორუსული ძალების მორიგი ახალი თაობა მოდის, ამათი პარადი არ მთავრდება. “გეორგიევსკი“ კარგად მენიშნა, კობახიძეც მუდმივად ამ თემას უტრიალებს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ფარცხალაძისა და კობახიძის ერთობა ვნახოთ. თუ კობახიძეს გაუჭირდა, რატომაც არ მოხდება „გეორგიევსკის ტრაქტატის“ იდეის გარშემო ფარცხალაძესთან ერთად რაღაცების განხორციელება?
აშკარად ჩანს, რომ “გეორგიევსკი“ შემთხვევით არ არის იქ ნახსენები. მე მგონია, რომ კობახიძე უცნაურად ეთამაშება ამ რუსულ თემას “გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით, აბსოლუტურად ამოყირავებულად და უკუღმა აქვს წარმოდგენილი.
ვფიქრობ, როგორც ფარცხალაძე, ისე კობახიძე და მისი გარემოცვა იმზადებენ მომავალში თავის ადგილს საქართველოს ხელისუფლებაში.“