Wildberries-ის გაფართოება საქართველოსთვის არაერთ რისკს ქმნის — EPRC
Wildberries-ის გაფართოება საქართველოში
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) შეფასებით, საქართველოში რუსული ონლაინმარკეტპლატფორმა Wildberries-ის გაფართოება ქვეყნისთვის არაერთ რისკს ქმნის.
ამის შესახებ ცენტრის ახალ ანგარიშშია საუბარი, სადაც განხილულია საფრთხეები, რომლებიც Wildberries-თან დაკავშირებულმა საქმიანობამ შესაძლოა შეუქმნას პლატფორმაზე წარმოდგენილ ქართულ ბრენდებს, მომხმარებლებს, ქართულ ბანკებსა და, უფრო ფართოდ, საქართველოს ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემას.
Wildberries ონლაინვაჭრობის პლატფორმაა, რომელსაც ხშირად „რუსულ ამაზონს“ უწოდებენ.
EPRC-ის ცნობით, 2026 წლის აგვისტოს ბოლოს უკრაინული დარტყმების შედეგად Wildberries-ის სულ მცირე რვა საწყობი მწყობრიდან გამოვიდა, 20-ზე მეტი ობიექტი კი დაზიანდა. ამავე პერიოდში კომპანიის ფინანსური ეკოსისტემის ნაწილი, Wildberries Bank, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.
ცენტრის შეფასებით, მაშინ, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე Wildberries-ის სასაწყობე ინფრასტრუქტურა უკრაინული დრონების სამიზნე გახდა და კომპანიის საბანკო სტრუქტურა სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა, Wildberries-მა საქართველო და სხვა მეზობელი ქვეყნები სავაჭრო ქსელისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაფართოებლად გამოიყენა.
EPRC-ის განცხადებით, ამ პროცესის შედეგად საქართველო შესაძლოა იმ რეგიონული ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდეს, რომელიც კრემლთან და სანქცირებულ რუს ბიზნესთან დაკავშირებულ კომპანიას ომისა და სანქციებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში დაეხმარება.
ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში Wildberries-ის ოფიციალურ ინფრასტრუქტურაში მითითებულია საწყობები, დახარისხების ცენტრები და შეკვეთების გაცემის პუნქტები. 2026 წლის 4 ივნისს განახლებული კომპანიის ინსტრუქციის თანახმად, ქართველ გამყიდველებს შეუძლიათ აირჩიონ საწყობი ან დახარისხების ცენტრი და გაეცნონ პროდუქციის მიღების პირობებს, ლოგისტიკურ ტარიფებს, დახარისხების ვადებსა და მომხმარებლამდე მიწოდების პერიოდს.
EPRC-ის შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ საქართველოში კომპანიის საქმიანობა მხოლოდ შეკვეთების გაცემის პუნქტებით აღარ შემოიფარგლება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა პროდუქციის მიღების, დახარისხებისა და შემდგომი მიწოდებისთვისაც გამოიყენება. ამასთან, ცენტრის ცნობით, საქართველოში დიდი ლოგისტიკური ცენტრის არსებობა ღია წყაროებით ამ ეტაპზე არ დასტურდება. იგივე ვითარებაა აზერბაიჯანშიც.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივ ბიზნესებს საკუთარი პროდუქციის Wildberries-ის პლატფორმის საშუალებით პირდაპირ გაყიდვის შესაძლებლობა მიეცათ.
EPRC ასევე აქვეყნებს პლატფორმაზე განთავსებული ქართული ბრენდების სავარაუდოდ არასრულ ჩამონათვალს. ცენტრის განმარტებით, სრული სიის მოძიება რთულია, რადგან Wildberries-ზე ბრენდების მოძიება მათი წარმოშობის ქვეყნის მიხედვით შეუძლებელია.
ამ ეტაპზე პლატფორმაზე ქართული პროდუქციისა და ბრენდების ჩამონათვალში, სავარაუდოდ, შედის: Borjomi, Nabeghlavi, Natakhtari, Zedazeni, Gurieli, Kula, Badagoni, Chateau Mukhrani, Askaneli, Sarajishvili, MACH & MACH, ANOUKI და Aleksandre Akhalkatsishvili.
EPRC ხაზს უსვამს, რომ Wildberries მარკეტპლეისის პრინციპით მუშაობს და პლატფორმაზე კონკრეტული პროდუქტის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მის გაყიდვას უშუალოდ მწარმოებელი ან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ახორციელებს. პროდუქცია შესაძლოა თავად მწარმოებელს ან დამოუკიდებელ გადამყიდველს ჰქონდეს განთავსებული.
ცენტრის განცხადებით, თუ პროდუქციას დამოუკიდებელი რითეილერი ყიდის, ბრენდს შესაბამისი გაყიდვების შეზღუდვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ან სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენებით შეუძლია.
EPRC-ის შეფასებით, Wildberries-ის საქართველოში გაფართოების საკითხი მხოლოდ ონლაინვაჭრობის განვითარებას აღარ უკავშირდება. ცენტრი რამდენიმე ძირითად რისკზე მიუთითებს,
ანგარიშის თანახმად, Wildberries დაკავშირებულია რუსეთის სავაჭრო და საფინანსო სისტემასთან და მისი კავშირები კრემლთან დადასტურებულია. კომპანიის ფინანსური ჯგუფი Wildberries Bank დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა დაასანქცირეს. EPRC-ის ცნობით, სანქციები ბანკს რუსეთის ხელისუფლების სამხედრო და აგრესიული ინტერესების ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობას უკავშირდება.
ცენტრი ასევე მიუთითებს, რომ Wildberries-ის პლატფორმა რუსეთის სამხედროებისთვის საჭირო, მათ შორის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის შესაძენად გამოიყენება. EPRC-ის განცხადებით, ეს ფაქტი დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმაც დაადასტურა.
ამ ფონზე, ანგარიშის ავტორები პრობლემურად მიიჩნევენ საქართველოში ასეთი პროდუქციის ვაჭრობისა და ექსპორტის კონტროლის ეფექტიანობას. მათი შეფასებით, ეს ზრდის სანქცირებული ან ორმაგი დანიშნულების საქონლის ქვეყანაში შემოტანისა და რეექსპორტის რისკებს.
EPRC განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოში Wildberries-ის ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ცენტრის შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის საწყობების მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანების შემდეგ, რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული ინფრასტრუქტურა Wildberries-ისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, საქართველო შესაძლოა კომპანიის რეგიონული დივერსიფიკაციის ქსელში აღმოჩნდეს ჩართული.
ანგარიშში ასევე საუბარია ქართული ბიზნესის Wildberries-ის სისტემაში ინტეგრაციის ზრდაზე. პლატფორმაზე უკვე იყიდება ქართული ბრენდების პროდუქცია, ხოლო ქართველ მეწარმეებს უშუალო გამყიდველებად ჩართვის შესაძლებლობა აქვთ. EPRC-ის შეფასებით, ეს კომპანიებისთვის როგორც რეპუტაციულ, ისე მომავალში ფინანსურ რისკებს ქმნის.
ცენტრი ყურადღებას ამახვილებს ქართულ ფინანსურ სექტორზეც. Wildberries-ის ეკოსისტემაში შემავალი Wildberries Bank 2026 წელს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა. ბანკის 5%-იან წილს, ანგარიშის მიხედვით, ასევე ფლობს სანქცირებული რუსული ბანკი VTB.
EPRC-ის განცხადებით, საქართველოში მომხმარებლები Wildberries-ზე ქართული საბანკო ბარათებით იხდიან, რაც ადგილობრივ ბანკებს სანქციებთან შესაბამისობისა და ტრანზაქციების დამატებით შემოწმების საჭიროების წინაშე აყენებს. ცენტრის ცნობით, Wildberries Bank-ის სანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა თავად ფინანსურ ინსტიტუტებს დაუტოვა და განმარტა, რომ სანქციების დარღვევისა და მათი გვერდის ავლის რისკი თითოეულმა ბანკმა დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს.
EPRC-ის შეფასებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში სანქცირებულ ფინანსურ სტრუქტურასთან, კრემლთან დაკავშირებულ ბიზნესთან და რუსეთის სამხედრო მომარაგებისთვის გამოყენებულ პლატფორმასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ უცხოურ ინვესტიციად ან საცალო ვაჭრობის გაფართოებად ვერ განიხილება.
ცენტრის განცხადებით, თუ საქართველოში Wildberries-ის გაფართოება გაგრძელდება სახელმწიფო კონტროლისა და სათანადო საბაჟო და ფინანსური მონიტორინგის გარეშე, ხოლო ქართული კომპანიები და ბანკები პლატფორმასთან თანამშრომლობას გააფართოებენ, ქვეყანა შესაძლოა იმ ეკონომიკური და ლოგისტიკური ქსელის ნაწილი გახდეს, რომელიც რუსულ ბიზნესს ომისა და საერთაშორისო სანქციების პირობებში საქმიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
EPRC-ის შეფასებით, ასეთ პროცესს საქართველოსთვის გრძელვადიანი ეკონომიკური და რეპუტაციული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.