ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე აცხადებს, რომ რუსეთის „არბატის“ დანაყოფში ცხრა თვე მსახურობდა
ოთარ ფარცხალაძე უკრაინის ომში
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად საკუთარი დანაყოფის შექმნამდე ცხრა თვის განმავლობაში რუსეთის მოხალისეთა კორპუს „არბატში“ მსახურობდა. ფარცხალაძის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ავრცელებს.
7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სახელით არის ცნობილი, რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად შექმნილ საერთაშორისო დანაყოფს უხელმძღვანელებს.
TASS-ის ინფორმაციით, რუსეთში შეიქმნა მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მიიღებს მონაწილეობას. დანაყოფის მეთაური საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
ფარცხალაძის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მას „განზე დგომა არ შეეძლო“ და გადაწყვიტა, რუს სამხედროებსა და დონბასისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობას დახმარებოდა.
„უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის მიერ 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მიწვევის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და მოხალისეთა კორპუს „არბატში“ წავედი, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე. სამსახურის დასრულების შემდეგ კი მე და ჩემმა თანამოაზრეებმა მოხალისეთა მრავალეროვანი დანაყოფის, „გეორგიევსკის“, შექმნა გადავწყვიტეთ“, – განაცხადა ფარცხალაძემ.
რუსულ მედიასთან საუბარში რომანოვ-ფარცხალაძემ ასევე განმარტა, რომ დანაყოფის სახელწოდება “გეორგიევსკი” 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, “უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში”.
მისი თქმით, „გეორგიევსკს“ უერთდებიან მოხალისეები, რომლებიც აფასებენ რუსეთისა და საქართველოს “საერთო ისტორიასა და საუკუნოვან ძმობას“.
“მათი მთავარი მოტივაციაა ქრისტიანული რწმენის, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი თავს ახვევს. მათთვის რუსეთი ნორმალური, ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან”, – თქვა მან.
რუსულ მედიასთან საუბრისას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით ამაყობს.
„ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო – სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ ჩემი სიმართლის სიყვარულის, მტკიცე პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი. ორჯერ შემიყვანეს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიებში. თუმცა ამ სანქციებს სიმართლისთვის მიღებულ ორდენად მივიჩნევ“, – განაცხადა ფარცხალაძემ.
რა ვიცით „არბატის“ შესახებ
მოხალისეთა კორპუსი „არბატი“ 2022 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელისა და კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ბიზნესმენის, არმენ სარქისიანის, იგივე „გორლოვსკის“, ინიციატივით შეიქმნა. თავდაპირველად „არბატი“ ცნობილი აფხაზური ბრიგადის, „პიატნაშკას“ შემადგენლობაში იბრძოდა. 2023 წლიდან დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადავიდა.
ბატალიონში დაახლოებით 500 ადამიანი მსახურობს. მის შემადგენლობაში არიან მოიერიშეები, დრონების ოპერატორები და რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტები. თავად ბატალიონის წარმომადგენლების განცხადებით, მათ რიგებში „ვაგნერის“ ყოფილი დაქირავებული მებრძოლებიც ირიცხებიან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი, დანაყოფი დიდწილად რუსულ ციხეებში გადაბირებული პატიმრებით იყო დაკომპლექტებული.
„არბატი“ აქტიურად მონაწილეობდა დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში. 2024 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში შეტევა დაიწყეს, ბატალიონი უკრაინის ფრონტიდან გაიყვანეს და კურსკის მიმართულებით გადაიყვანეს.
2024 წლის სექტემბერში სომხეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „არბატის“ წევრები სომხეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.
2025 წლის 3 თებერვალს მოსკოვში, ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად „არბატის“ დამფუძნებელი არმენ სარქისიანი დაიღუპა.
2026 წლის თებერვალში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა „არბატის“ მეთაური ჰაიკ გასპარიანი, რომელიც მანამდე რუსეთში შეიარაღებული ძარცვისთვის შვიდწლიან სასჯელს იხდიდა და ციხიდან პირდაპირ ბატალიონში მოხვდა.
ფარცხალაძეს ამ დრომდე საბრძოლო მოქმედებებიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ გაუვრცელებია.
ვინ არის ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2013 წელს, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დაიკავა. პოსტზე მან მხოლოდ 47 დღე დაჰყო.
თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ევროპაში ბოტასების ქურდობისთვის იყო გასამართლებული. სკანდალის ფონზე მან თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობაში გადავიდა.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს საქართველოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
პროკურატურის ვერსიით, ფარცხალაძესა და მის ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს, ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესთან დაკავშირებული უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ. გამოძიების თანახმად, ჯანგველაძის მკვლელობა ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს მის წინააღმდეგ დაპირისპირებულმა პირებმა შეუკვეთეს.
გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“, შვილიშვილმა ირაკლი უსოიანმა ჯანგველაძის მკვლელობა ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა.
ფარცხალაძე ასევე იმ პირებს შორისაა, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო სანქციები დაუწესეს.
აშშ-ის ხაზინის მიხედვით, ფარცხალაძე რუს-ქართველ ოლიგარქად არის აღწერილი და რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. უწყების ცნობით, მას რუსული პასპორტისა და, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა.