მდუმარე აქცია და მაგისტრალების გადაკეტვა: "უცნობი" ჟურნალისტზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს
მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, რომელმაც 9 აპრილს მარადისობის დღე დააფუძნა, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მდუმარე აქციებს და მაგისტრალების გადაკეტვას აპირებს.
თებერვალში, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სანაიას თქმით, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან მას თავს სწორედ მას შემდეგ დაესხნენ, რაც ჟურნალისტი იცნეს.
შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, ღამის პირველის ნახევარზე მოხდა. სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ სამი ადამიანი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უცნობის თქმით, ვახო სანაიამ თავად გამოიწვია მოძალადეები და შემდგომ პოლიციაში დარეკა.
“მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– ამბობს უცნობი.
გია გაჩეჩილაძის თქმით, დაპატიმრებულებს სისტემის წინაშე მარტო არ დატოვებს და მოლოდინი აქვს, რომ მის აქციას უსამართლობის წინააღმდეგ “დები და ძმები” შეუერთდებიან:
“სიტყვები და ლაი-ლაი არ იქნება, მდუმარე პროტესტია მოსალოდნელი და აუცილებლად ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ.”
_________________________________
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას