ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს - მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მედიაგარემოს მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და ერთობლივი მანიფესტით მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა.
პრობლემა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც სანაია ამბობს, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ტელეწამყვანს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.
ჟურნალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მანიფესტს ხელი ტელეკომპანია “ფორმულას” სტუდიაში მოაწერეს.
მათი თქმით, 2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა, ასევე გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები, რადგან სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და პირიქით – მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს.
ისინი მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:
- უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება;
- შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
- შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
- შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
- შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.
“ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს”, – წერია მანიფესტში.
________________________________________________