"მარადისობის დღე": თბილისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
მომღერალმა და შოუმენმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა”, ევროპის მოედანზე მხარდამჭერები შეკრიბა და “ქართველთა მარადისობის დღე” დააფუძნა. აქციის მთავარი გზავნილი ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის “დასრულება” იყო. ასევე, უცნობის თქმით, მათი მიზანი იყო პატრიარქისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.
გაჩეჩილაძემ ახალი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება წინა კვირას გააკეთა. მისი თქმით, მოძრაობა ოპოზიციისა და ქართული ოცნების წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის, თუმცა დღევანდელ აქციაზე მრავლად იყვნენ როგორც საჯარო მოხელეები, ისე მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერები.
უცნობი ამბობდა იმასაც, რომ რუსთაველის გამზირიდან ოპოზიციის კარვების აღების სურვილი აქვს:
“გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა.”
ოპოზიციის მიმართ ზიზღს არ მალავდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც.
“რომ ყრია პარლამენტთან ნაცხროვა ბანდა, მკვლელთა ბანდა, მათ დასაშლელად მოვედით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ევროპის მოედანზე გაჩეჩილაძემ ბერლინის კედლის ფრაგმენტს “ღმერთი სიყვარულია” წააწერა და ლექსი წაიკითხა.
“ღმერთი რომ სიყვარულია აქ მაინც დაიწერება, დაიწერება, დაიწერება”,- თქვა გაჩეჩილაძემ.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო დაჯარიმდება.
ტელეკომპანია “ფორმულას” მერიაში განუცხადეს, რომ ხსენებულ ქმედებაზე მუნიციპალურ ინსპექციას ექნება შესაბამისი რეაგირება და კანონის მიხედვით იმოქმედებენ.
აქცია პარლამენტთან აღარ გაგრძელებულა – ის ევროპის მოედნიდან საპატრიარქოსთან, იქიდან კი დედა ენის ბაღში გაგრძელდა, სადაც დასრულდა კიდეც.
საპატრიარქოსთან მისულ აქციის მონაწილეებს მღვდლებმა ნაკურთხი წყალი სახურავიდან მიასხურეს და ამის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუკზე გაავრცელეს.
მათ საპატრიარქოსთან მისულ ხალხს, მადლობა გადაუხადეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ “უცნობი” ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია. მისი მოძრაობა კი ოპოზიციური მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია.
“ამის წინ, უკან და შუაში, ყველგან ვხედავ ,,ქართულ ოცნებას”. ამ ღირებულებების ადამიანები, ვინც სიძულვილს ქადაგებენ, არიან ივანიშვილის დასაყრდენი. ის ყოველთვის იყენებდა მათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და სამოქალაქო მშვიდობის წინააღმდეგ”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.