ლატვია საქართველოს 15 ათას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს
7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. რინკევიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ლატვია საქართველოს 15 000 დოზა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს. თუმცა, რომელ ვაქცინაზეა საუბარი, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
“მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს”, – ამბობს ედგარს რინკევიჩი.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან.
_______________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
● აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
● დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება
_________________________________
რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ წლის მესამე კვარტალში საქართველო ფაიზერის, ნოვავაქსისა და ჯონსონი&ჯონსონის ათასობით დოზას ელოდება
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ჩატარებულია 173 345 აცრა. ხოლო სრულად (ორჯერ) ვაქცინირებულია 47 749 ადამიანი.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კოვიდვითარება ისევ მძიმეა. საქართველოში ყოველდღიურად ათასამდე ინფიცირებული და 30-მდე გარდაცვლილია. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვითარება ნელ-ნელა დასტაბილურდება. საქართველოში შემსუბუქდა კომენდანტის საათიც – გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდა და დილის 04 საათამდე გრძელდება.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ სამს – “ფაიზერს”, “ასტრაზენეკას” და “სინოფარმს” ჰქონდა გავლილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოვაკს” ჯანმომ ავტორიზაცია 31 მაისს მიანიჭა.