კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, პირველ თებერვლამდე არ მოიხსნება
მოლების, ბაზრობების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, რომელიც 18 იანვრიდან იგეგმებოდა, მთავრობამ პირველ თებერვლამდე გადაავადა, გადავადების მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება.
“ჩვენი ამოცანა არის ის, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, არასასურსათო ვაჭრობა და მუნიციპალური ტრანსპორტი არის ის ორი საკითხი, რომელიც სენსიტიურია და მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება შეზღუდვების შემსუბუქებისას:
“ვაჭრობის სფეროში დაამტკიცეს, რომ მათ ძალიან კარგად შეუძლიათ, დაიცვან წესები. ამ დღეებში მათთან კიდევ ვიმუშავებთ. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე და მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება მომდევნო დღეებში“.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებისთვის აუცილებელია კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება.
„დღესდღეობით მაინც ძალიან მაღალი რიცხვია – 1500-დან 2000-მდე მერყეობს და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ სტაბილიზაციას არაფერი დაემუქრება”, – განაცხადა თურნავამ.
შეზღუდვების შესახებ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც.
მისი თქმით, მოლოდინი, რომ თებერვლიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას, რეალისტურია.
______________________________________________________________________________
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
● საქართველოში Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს სავარაუდოდ არ შემოიტანენ
● როგორ უმკლავდებიან პანდემიას საქართველოში მცხოვრები უცხოელები. ვიდეო
______________________________________________________________________________
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.
● სულ საქართველოში დადასტურებულია 239 780 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 2 796
● გამოჯანმრთელებული – 226 215
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 10 743