ივლის-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ნახევარ მილიონამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა
საქართველოში ნახევარ მილიონამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, ანუ ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443 600 ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 13.7 პროცენტით.
საქართველოს არსებულ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვიზიტორსა და ტურისტს შორის განსხვავება, რომელთაც ორივეს მოგზაურის ცნება უდევს საფუძვლად.
● მოგზაური არის პირი, რომელიც მოგზაურობს ნებაყოფლობით და გადაადგილდება როგორც ერთი ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ.
უფრო კონკრეტულად: ეს არის ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მგზავრობს მისი საკუთარი ქვეყნიდან და მისი მთავარი მიზანი არის მოგზაურობა, რომელიც შეიძლება განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ან ფეხით;
● ვიზიტორი არის მოგზაური, რომელიც მოგზაურობს მკვიდრი ან ჩვეული გარემოდან სხვა ადგილზე არაუმეტეს თორმეტი თვისა და რომლის ვიზიტის მიზანი არ არის დანიშნულების ქვეყანაში დასაქმება და დამკვიდრება (რეზიდენტობა);
● ტურისტი არის ნებისმიერი კატეგორიის ვიზიტორი, რომელიც დანიშნულების ადგილას რჩება ერთი ან მეტი დღით.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდშიც ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, რამაც მაშინ მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება.
ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 44.9 პროცენტს შეადგენს.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● საქართველოში უძრავი ქონების ფასები 10.7 პროცენტით გაიზარდა
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.
ჟურნალ “ბათუმელების” ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 964 ბინა და 37.9 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ასევე, საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული.