ირაკლი ღარიბაშვილი: დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში
ღარიბაშვილი: დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნებიდან” გასულ დეპუტატებზე ამბობს, რომ ამერიკის ელჩის, დეგნანის მიმართ მათი კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში. ღრიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს და “ყოველთვის ექნება გამოხატვის თავისუფლება” და ეს არის “ჩვენი მთავარი კონსტიტუციური უფლება.”
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პირველი განცხადებაც მალევე გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია. ყოფილი დეპუტატების თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.
”ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
მათი ბოლო წერილი 26 აგვისტოს გამოქვეყნდა და იქ პირდაპირ იყო დადანაშაულებული ამერიკის საელჩო, რომ “ისინი ყველაფერს იკადრებენ” და ბევრად უფრო “მძიმე ნაბიჯებზეც” წავლენ.
“მე მინდა შევახსენო ყველა თანამოქალაქეს, რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, ვავითარებთ სტაბილურად ჩვენს ქვეყანას, მე როგორც პრემიერმინისტრი, ჩვენი მთავრობა და ჩვენი მმართველი გუნდი ვართ ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა, ისეთების როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები – ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროპული სახელმწიფოები.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის როლი არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად “გავაძლიერო ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან და ევროკავშირთან.”
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფოს და ამერიკას, “რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში და ყველაზე ძლიერი”, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ასევე, ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენლები ყველგან:
“ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამერიკას, მის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და ჩართულია ყველა იმ პროგრამის განხორციელებაში, რომლის ავტორიც ამერიკაა. მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ამერიკასთან ურთიერთობას, არამედ დავასუსტებთ.”