ჰაკერული თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - მოპარულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ჰაკერული თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიაზე. შსს-ს ინფორმაციით, კიბერშეტევა ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე და ის მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.
შსს-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა 1-ელ სექტემბერს მოხდა და ჰაკერული თავდასხმის მიზანი
სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება იყო.
“კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებგვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით,” – აცხადებენ შსს-ში.
შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს.
მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოს სამთავრობო საიტებზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც მოხდა.
იმ დღეს კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური საიტი. ასევე სასამართლოების, საკრებულოების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდები.
ჰაკერული თავდასხმის შედეგად დროებით მაუწყებლობის შეჩერება მოუწია ტელეკომპანია “იმედს” და “მაესტროს”. ჰოლდინგმა თავდასხმის შედეგად სოლიდური ფინანსური და ტექნიკური ზარალი მიიღო.
გამოძიებამ, რომელიც ქართულმა მხარემ გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაატარა, დაადგინა, რომ ამ კიბერშეტევის უკან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (გრუ) იდგა.
ცნობილია გრუ-ს კონკრეტული ქვედანაყოფიც, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავა: ეს არის რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი (GTsST), რომელიც კიბერსივრცეში ცნობილია „ქვედანაყოფი 74455“-ის და ასევე „ჭიაყელას“ სახელით.