"ღია შეტევა საქართველოს დასავლურ კურსზე" - გიორგი გახარია განცხადებას აქვეყნებს
გიორგი გახარია არაფორმალურ მმართველზე მიუთითებს
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ტვიტერზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოში ფორმალური და არაფორმალური მმართველები ებრძვიან სტრატეგიულ პარტნიორებს.
„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, არის ღია შეტევა საქართველოს დასავლურ კურსზე. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ტკბილად ესაუბრებიან ოკუპანტ ძალას და ებრძვიან სტრატეგიულ პარტნიიორებს პირადი ინტერესების გამო“, — წერს გახარია ტვიტერზე.
ყოფილ პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა არაფორმალურ მმართველში, თუმცა ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ასევე არაერთი ევროპარლამენტარი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გახარია ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ხოლო 29 მაისს ახალი პარტია, “საქართველოსთვის” დააფუძნა.
როგორც გახარიამ თებერვალში, გადადგომისას განმარტა, მისი წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, მისმა მხარდამჭერებმა დაიწყეს აქტიური საუბარი იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყო რეპრესიები ექსპრემიერის კადრების წინააღმდეგ. საჯარო სამსახური რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.