პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა
საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.
როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გუშინ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“, – აღნიშნა გახარიამ.
გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ ამერიკის საელჩოს და სენატორ ჯიმ რიშის განცხადებები უძღოდა.
აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ დღევანდელი კრიზისი გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან.
„არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან.
აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით.
არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
“ამერიკის ხმასთან” საუბარში ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის:
„ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა”.

გახარიას გადადგომის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიება დროებით გადადო.
დაპატიმრების გადადების მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ გახარიას გადადგომას უკავშირებს.
____________________________
გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი თითქმის 6 საათს გაგრძელდა. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს, მაგრამ მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
________________________________________