"გაუქმდეს კარანტინი": აფხაზეთის მთავრობასთან გამართულ აქციაზე ექვსი აქტივისტი დააკავეს
აფხაზეთის მთავრობასთან გამართულ აქციაზე, სადაც აქტივისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ – 6 ადამიანი დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მათივე თქმით, პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა.
“იმ ხალხს ის არ ყოფნის, ოკუპაციის პირობებში რომ ცხოვრობენ? და კიდევ საქართველოს მთავრობა კარანტინს უწესებს. რატომ – გალი და აფხაზეთი საქართველო არ არის? თუ თბილისის ან ფოთის მოქალაქეს არ უწესდება კარანტინი, რატომ უწესდებათ იმათ?” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
__________________________________
●რუსეთი და აფხაზეთი: მცოცავი “ჰარმონიზაცია”
●კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
●ენგურის ხიდის გავლით კონფლიქტის მეორე მხარეს
●სოხუმი აღარ იძიებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს
_______________________________
აფხაზეთის მთავრობასთან აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გადმოკვეთის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.
არასამთავრობოების თქმით, მომხდარში ის კოვიდ-წესებია დამნაშავე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს დაუწესა. კერძოდ კი, საუბარია წესზე, რომლის თანახმად, აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე ხუთდღიან კარანტინში უნდა დარჩეს.
2017 წლის შემდეგ მდინარე ენგურზე გადაჭიმული ხიდი ერთადერთი გზაა, რომლითაც რიგითი მოქალაქეები აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად სარგებლობენ.
2017 წლის დასაწყისისთვის ქართულ-აფხაზურ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა ექვსიდან ერთამდე შემცირდა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა საოკუპაციო ხაზის მიღმა, გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ისედაც ძალიან მძიმე ყოფა.
გალის რაიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველები არიან, რომლებიც მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ ქართულ მხარესთან.
მათ შორის, ბევრი ქართულ პენსიასაც იღებს და ფულის მისაღებად, რეგულარულად უნდა გადავიდნენ ხიდის გავლით ქართულ მხარეზე. ასევე, ჩამოაქვთ პროდუქტები, სურსათი. დადიან სამკურნალოდ.
ყველა ჯერზე ენგურის ხიდის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის რთული, დროში გაწელილი და ფინანსურად ხარჯიანი პროცედურაა. ხოლო კორონავირუსის პანდემიის გამო კიდევ უფრო რთული გახდა.
მართალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში თქვა, რომ პანდემიის გამო თითქმის ერთი წლით ჩაკეტილ ენგურის ხიდზე მოძრაობა აღდგა, თუმცა მოქალაქეები სხვა რამეს ამბობენ. ბევრი გალელი მოქალაქე ჩივის მედიასთან, რომ მათ გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ხიდზე მხოლოდ პენსიონერებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ატარებენ. სხვებისთვის კი, იგი კვლავინდებურად დაკეტილია.