"ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუზიანეს
9 აპრილის ღამეს, კომენდანტის საათის დროს, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა ამერიკის საელჩო და მომხდარზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. საელჩო ხაზს უსვამს თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტსაც.
“თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ტელეკომპანიის დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, ტელევიზიის თანამშრომლებზე თავდასხმა ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ფონის გაგრძელებაა.
“მანქანაზე, რომელზეც არის ფორმულას ლოგოები და ფორმულას მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ეს ხდებოდა კომენდანტის საათის დროს.
მეორე ფაქტი უკავშირდება, ასევე ფორმულას მძღოლს, რომელიც ნაცემია, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მან ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მთხოვა, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახელი არ დაგვესახელებინა”, – განაცხადა გუმბარიძემ.
ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვისაც”. ორგანიზაცია ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – წერია კოალიციის განცხადებაში.
ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმას ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
“ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტთა თავდასხმის ფაქტები, რასაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ერთი მხრივ, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას უკავშირებს”, – წერია ქარტიის განცხადებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, ხოლო ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მათ შეტყობინება არ მიუღიათ.
________________________________
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
● “არასწორ მხარეს დგახარ” – თბილისში ჟურნალისტ ვახო სანაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
● IRI-ის კვლევა: რას ფიქრობს ხალხი მინდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
______________________________
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. თებერვალში, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა მაშინაც კომენდანტის საათის დროს, ღამის პირველის ნახევარზე მოხდა.
სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ სამი ადამიანი დააკავა.