“ევროპულმა საქართველომ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
“ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო კამპანია გახსნა და 30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
“ევროპული საქართველოდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
● ზუგდიდი – გიგი უგულავა
● ფოთი, ხობი და სენაკი – გიგა ბოკერია
● ვაკე – ელენე ხოშტარია
● მთაწმინდა-კრწანისი – შალვა შავგულიძე
● ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი – გიგი წერეთელი
● ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ტარიელ ნაკაიძე
● რუსთავი და გარდაბანი – ირმა ნადირაშვილი
● ქუთაისი – ოთარ კახიძე
● საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული – სერგო რატიანი
● თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ზურაბ ჭიაბერაშვილი
● გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი – გიორგი ღვინიაშვილი
● ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური – ხათუნა გოგორიშვილი
● მარნეული და გარდაბანი – აჰმედ იმამკულიევი
● ახალქალაქი და ნინოწმინდა – არსენ კარაპეტიანი
● წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა – ლელა ქებურია
● სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი – აკაკი ბობოხიძე
“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.
• ოცნების არჩევნები” – მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
“ევროპული საქართველოს” პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება.
დავით ბაქრაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია ამომრჩეველს კეთილდღეობას, დაცულობას და დასავლეთთან ინტეგრაციას ჰპირდება.
„დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს დღეს მართავს ოლიგარქი, რომელსაც არ ესმის და არ აწუხებს ხალხის გაჭირვება. საქართველოს დღეს მართავს მთავრობა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ კომფორტსა და ფუფუნებაზე. საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია ნეპოტიზმსა და კორუფციაში, წილებსა და „ატკატებში“.
ეს არის მათი საქართველო, მათი საქართველო არის ოლიგარქის შუშის სასახლეში, კორუფციასა და კრიმინალში, მაგრამ არის სხვა საქართველო, რომელიც დღეს არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში, სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის. „ევროპული საქართველოს“ მთავარი დაპირებაა – კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის პარტია გადასახადებს შეამცირებს და ამ გზით თითოეული ოჯახი წელიწადში 200 ლარს დაზოგავს.
ბაქრაძის განცხადებით, “ევროპული საქართველო” ამ ეტაპზე კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ ასახელებს და საერთო ოპოზიციური შეთანხმებისთვის სივრცეს ტოვებს.
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ტარდება – ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით აირჩევს, 30-ს კი – მაჟორიტარულ ოლქებში.