ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნა
ევროკავშირის ელჩი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონს საბოლოოდ მიიღებს, აუცილებელია კანონის ვენეციის კომისიაში გაგგზავნა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.
“დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან. ეს არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციები.”– განმარტავს ჰერჩინსკი.
კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას რეკომენდაცია გაუწია გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმაც. “ქართულ ოცნებაში” კანონის კომისიაში გაგზავნას საჭიროდ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინულის ანალოგია და ის ქართულ რეალობას სრულად შეესაბამება.
● ვინ არის ოლიგარქი საქართველოში?
● ენმ-მ “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” საკუთარი ვერსია წარადგინა
● “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ოლიგარქების რეესტრს პარლამენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს
საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 6-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ”. “დეოლიგარქიზაცია” ერთ-ერთი პირობაა იმ 12 პუნქტიანი გეგმის, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის არ უჭერს მხარს კანონის იმ ვერსიას, რომელიც “ქართული ოცნების“ მიერ არის ინიციირებული. ამ ვერსიის თანახმად, ოლიგარქების სიაში არ მოხვდება ბიძინა ივანიშვილი, სამაგიეროდ, იქ აღმოჩნდებიან ბიზნესმენები, რომლებსაც კავშირი აქვთ ოპოზიციასთან.
შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი” რეალური დეოლიგარქიზაციის ნაცვლად, კიდევ უფრო გაამყარებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იქცევა.
“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ამავე შინაარსის უკრაინული კანონის ანალოგია. უკრაინული კანონის თანახმად, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს აკმაყოფილებს:
- მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
- აქვს გავლენა მედიაზე;
- სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქვს ბაზარზე დომინანტური ბიზნესი ან ბიზნესები;
- ფლობს საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტ ფულს. [საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარია, შესაბამისად, 250 მილიონი ლარი გამოდის].
ოპოზიცია კანონს აკრიტიკებს და ითხოვს კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას. თუმცა, მმართველმა გუნდმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.
ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, ასევე ექსპერტები და სამოქალაქო სექტორი თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში დღეს ერთადერთ ადამიანს შეიძლება უწოდო ოლიგარქი – ეს არის ბიძინა ივანიშვილი.