"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ოლიგარქების რეესტრს პარლამენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს
ოლიგარქების რეესტრს პარლამენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემდეგ მოქალაქეების ოლიგარქებად აღიარებისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის გადაწყვეტილებას პარლამენტის ნაცვლად მთავრობა მიიღებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, ეს ქართულ და უკრაინულ კანონებს შორის ერთადერთი განსხვავებაა და ამ ცვლილებით “არანაირი მანიპულაციის” საშუალება აღარ რჩება. დღესვე, საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო – მომხრე იყო 76 დეპუტატი, წინააღმდეგი – 6.
საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს კანონი თარგმნილია სიტყვა-სიტყვით უკრაინული კანონიდან, მაგრამ რადგან უკრაინულ კანონში მითითებულია “საბჭო”, რომელიც საქართველოში არ არსებობს, ამიტომ ხდება აღნიშნული ცვლილება.
“ამ ერთი ფრაზის გამო ვიღაცას რომ არ ეთქვა, რომ უკრაინულ კანონთან ბოლომდე შესაბამისობაში არაა, ანუ იქ აღმასრულებელი ფუნქციაა და აქ საპარლამენტო რატომ გახადეთო, სწორედ ამის გამო კიდევ უფრო მიუახლოვეთ. სხვა სიტყვა-სიტყვით თარგმანია, მაგრამ ეს საბჭო, რომელიც მითითებულია რეესტრის განმსაზღვრელად, ჩვენთან არაა ფიზიკურად, რაღაცა ხომ უნდა ჩაგვეწერა. ამიტომ არარელევანტური გამოდიოდა პარლამენტის ჩაწერა – უკრაინაში აღმასრულებელი წყვეტს, საქართველოში პარლამენტი. ეს მცირე მანიპულაციისთვისაც კი კითხვის ნიშანი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ შეიცვალა ჩანაწერი.” – აღნიშნა მდინარაძემ.
● სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, დეოლიგარქიზაცია – რა პირობები წაუყენა EU-მ საქართველოს
● ემუქრება თუ არა ივანიშვილს სანქციები და რას შეცვლის ეს ქვეყანაში?
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
ევროკავშირმა საქართველოს 12 პუნქტიანი პირობა წაუყენა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ დეოლიგარქიზაციაა.
“ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში გადაჭარბებული გავლენების აღმოფხვრით განხორციელდეს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება” – წერია 12 პუნქტიან გეგმაში.
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი 3 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 9 დეპუტატი წავიდა.
კანონპროექტი სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და მასში ოლიგარქი განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირი. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ამ განმარტებას დააკმაყოფილებს და ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
- არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
- მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.