ევროკავშირის ელჩი ცხინვალის რეჟიმს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს ყველა გამშვები პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს. ჰარცელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღება.
ახალგორი 2019 წლის 4 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის დე დაქტო ხელისუფლებამ დაკეტა და მიზეზად ჩირჩანა-წნელისთან ქართული საგუშაგოს აგება დაასახელა.
ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შედეგად იქ მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ აქვს. შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებასა და არ აქვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე წვდომის შესაძლებლობა.
იქამდე კი, სანამ პუნქტები ღია იყო, ყოველდღიურად, საშუალოდ, 400-მდე გადასვლა ხდებოდა.
ევროკავშირის ელჩის განმარტებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო.
“ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დეფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას, დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის “ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.”
___________________________________________
● რუსი ტურისტები სამხრეთ ოსეთში – რა მოსწონთ და რა აინტერესებთ. ვიდეო ცხინვალიდან
● ტატუნაშვილის საქმე: ქართულმა სასამართლომ ცხინვალელ სამართალდამცავებს უვადო პატიმრობა შეუფარდა
● რით დაეხმარა covid-19-თან ბრძოლაში საქართველო ოსურ და აფხაზურ მხარეებს
________________________________________________
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს იმ დახმარების ჩამონათვალს, რაც ქართულმა მხარემ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის სოხუმს და ცხინვალს გაუწია.
• გამყოფ ხაზთან ახლოს გაიხსნა რუხის საავადმყოფო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად აშენდა.
• კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მთავრობას არ შეუჩერებია აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება.
• აფხაზურ და ოსურ ენებზე ითარგმნა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები covid-19-ზე, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული პროტოკოლები და სახელმძღვანელოები.
• ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.stopcov.ge არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა აფხაზურ და ოსურ ენებზე.
• ქართველი სპეციალისტები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივ ექიმებს რეგულარულად უწევენ ონლაინ-კონსულტაციას. საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, აფხაზეთში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის.
• პანდემიასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.