ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს ევროპის ჩემოიონატისგან!
UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის “ერთა თასის” ნახევარფინალურ მატჩზი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო – 1981 წლის 13 მაისის შემდეგ ჩვენი ფეხბურთი არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ევროპულ წარმატებასთან, როგორც ახლა. თუმცა სხვაობა დიდია – მაშინ თბილისის „დინამო“ საკლუბო დონეზე, თანაც საბჭოთა კავშირის სახელით თამაშობდა, ახლა კი ევროპულ სარბიელზე ქვეყანა ეროვნული ნაკრებითაა წარმოდგენილი.
ქართველთა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მატჩის წინ განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი თქვა, რომ თუ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ და არ მისცემდნენ ტექნიკური თამაშის საშუალებას, სათამაშო განწყობას მოუსპობდნენ.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მაყურებელი თამაშს ვერ დაესწრო
დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. მან 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმაოდ ლოგიკური და ბუნებრივი გახლდათ.
საქართველო სწრაფი გოლით დაწინაურდა – ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიყენა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ანგარიში ამის მერე აღარ შეცვლილა.
“თანაბარი ბრძოლა ერთი პენალტის გამო წავაგეთ”, – განაცხადა თამაშის შემდეგ ბელარუსთა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა.
ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინალში, გაირკვევა ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს მატჩში, რომელიც დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებელი გადამწყვეტი თამაში კი 12 ნოემბერს გაიმართება, ისევ თბილისის „დინამო არენაზე“.