ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოში ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეროვნული ბანკი ვარაუდობდა.
როგორც გვენეტაძე განმარტავს, ეროვნული ბანკი მარტში წლიური ინფლაციის 6%-მდე შემცირებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობისა და ხორბლის ფასების ზრდის გამო ინფლაციის შემცირება არ მოხდება ისე, როგორსაც ვარაუდობდნენ.
ინფლაცია – ეს არის ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველთუნარიანობის დაქვეითება, დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ინფლაცია ნიშნავს “გაბერვას” – მიმოქცევის არხების გადატვირთვას მოჭარბებული ქაღალდის ფულით, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლის მასის ზრდის ნორმით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 12.8%-ია, რაც ბოლო 10 წლის ანტირეკორდია. მათივე განმარტებით, განვითარების ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკისთვის ოპტიმალურია ინფლაციის 3%-იანი დონე.
“უშუალოდ მიზეზებს რაც შეეხება, ეს არის გაძვირებული საერთაშორისო ფასები, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც მიწოდების მხრიდან მოქმედებს ინფლაციაზე. მაგალითად, ნავთობი, რომელიც ახლა, დაახლოებით, ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე ერთი წლის წინ, ასევე საკვები პროდუქტების ფასებიც საკმაოდ გაზრდილია”, – აცხადებს გვენეტაძე.
გვენეტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ვალუტის კურსის სტაბილურობაც განაპირობებს, იმას რომ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება.
“მე იმ გადმოსახედიდან ვსაუბრობ, როდესაც ეს პროგნოზები გაკეთდა. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაქტორი ამ შემთხვევაში არ არის და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ დიდი ხანია შედარებით სტაბილურია და სხვა ფაქტორებიც არსებობს, ვფიქრობთ, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. როდესაც განახლდება პროგნოზები, ამას მერე მოგახსენებთ” , – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 1 წელის განმავლობაში საქართველოში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა და ამ გაძვირების ძირითადი მიზეზი სწორედ ინფლაციაა.
საქსტატისვე ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.
2021 წლის ოქტომბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 18.4%-ითაა გაზრდილი.