ივანიშვილის მემკვიდრედან პატიმრობამდე: ღარიბაშვილის ამბოხი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილის წერილები
საქართველოს ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეშია და იქიდან უკვე ღიად უპირისპირდება ხელისუფლებას, რომელსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდა.
ბოლო რამდენიმე კვირაში მან საპატიმროდან ექვსი წერილი გამოაქვეყნა. ყოფილმა პრემიერმა ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში, შანტაჟსა და მისი პოლიტიკური მომავლის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.
თავდაპირველად მან ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა, თუმცა შემდეგ მისი მთავარი სამიზნეები მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გავლენიანი ფიგურა, მამუკა მდინარაძე გახდნენ.
ეს განსაკუთრებით უჩვეულო დაპირისპირებაა პარტიისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გარედან მონოლითურ პოლიტიკურ ორგანიზაციად გამოიყურებოდა.
ღარიბაშვილი შემთხვევითი ყოფილი თანამდებობის პირი არ არის. ის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და სანდო ადამიანი იყო. 2013 წელს სწორედ ივანიშვილმა დატოვა პრემიერის თანამდებობა და 31 წლის ღარიბაშვილი საკუთარ მემკვიდრედ შეარჩია.
ახლა კი ივანიშვილის ყოფილი პოლიტიკური მემკვიდრე რუსთავის ციხიდან წერს, რომ იმავე სისტემამ, რომელსაც თავად ემსახურებოდა, „ზურგში დანა ჩაარტყა“.
ამიტომ ღარიბაშვილის საქმე მხოლოდ ერთი ყოფილი პრემიერის სისხლის სამართლის საქმე აღარ არის. მან გამოაჩინა კონფლიქტი „ქართული ოცნების“ შიგნით და გააჩინა მთავარი კითხვა: იწყება თუ არა პარტიაში ძალაუფლების ახალი გადანაწილება.
პრემიერობიდან ტუსაღობამდე
ირაკლი ღარიბაშვილის კარიერა ბიძინა ივანიშვილთან გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა.
ჯერ კიდევ 2011 წელს ივანიშვილი ღარიბაშვილს თავის უახლოეს მრჩევლად და თანაშემწედ მოიხსენიებდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა, სწორედ ღარიბაშვილი დაასახელა მემკვიდრედ.
ის მაშინ 31 წლის იყო.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობას პირველად 2013-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. ხელისუფლებიდან მოულოდნელად, წინასაახალწლო დღეებში წავიდა, თუმცა 2019 წელს თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა. 2021 წელს კი მეორედ გახდა პრემიერ-მინისტრი.
მეორე პრემიერობისას ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ხისტი პოლიტიკური სახე გახდა. ის ხშირად უპირისპირდებოდა ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორსა და დასავლელ კრიტიკოსებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ღარიბაშვილი აქტიურად იმეორებდა ხელისუფლების ნარატივს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის საფრთხის შესახებ და დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენლებს ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.
2024 წლის იანვარში მან პრემიერის თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ირაკლი კობახიძემ დაიკავა. თავად ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. მაშინ ეს ცვლილება პარტიამ ჩვეულებრივ შიდა როტაციად წარმოაჩინა.
2025 წლის აპრილში კი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან საერთოდ წასვლის შესახებ განაცხადა.
რამდენიმე თვის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
როგორ აღმოჩნდა ყოფილი პრემიერი ციხეში
2025 წლის ოქტომბერში პროკურატურამ ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ვერსიით, ყოფილმა პრემიერმა ქონებრივ დეკლარაციებში ყალბი ინფორმაცია მიუთითა და ამ გზით უკანონოდ მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა.
2026 წლის 12 იანვარს ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მას ხუთი წლით პატიმრობა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ორი ავტომობილი და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 6.5 მილიონი დოლარი.
ღარიბაშვილმა მაშინ დუმილი ამჯობინა და მან ხელისუფლებასთან საჯარო ბრძოლა არ დაიწყო.
ღარიბაშვილი სასამართლოში თავად გამოცხადდა, საპროცესო შეთანხმების პირობებს დაეთანხმა და ბრალი აღიარა. სასამართლო დარბაზში დაკავების შემდეგ ის პირდაპირ რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
მოგვიანებით სწორედ ამ დუმილს მისცა მან პოლიტიკური მნიშვნელობა. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან აცილება შეგნებულად გადაწყვიტა.
ღარიბაშვილი და ივანიშვილი – თითქმის 20-წლიანი კავშირი
ღარიბაშვილი ივანიშვილის გარემოცვაში ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ შექმნამდე მუშაობდა. 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, ღარიბაშვილი მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამშრომელი იყო.
2013 წელს კი ივანიშვილმა მას ქვეყნის მთავრობა გადააბარა.
მათი პირადი კავშირის ადრეულ პერიოდზე თავად ივანიშვილიც ხშირად საუბრობდა. 2013 წელს ის იხსენებდა, რომ ღარიბაშვილი მის ბიზნესში სავაჭრო დეპარტამენტში მუშაობდა, როდესაც ივანიშვილი საფრანგეთში წარმოებულ ვერტმფრენს ყიდულობდა. ივანიშვილის თქმით, ახალგაზრდა ღარიბაშვილმა ფრანგულ კომპანიასთან იმდენად წარმატებით ივაჭრა, რომ გამყიდველებს მისი გაცნობა მოუნდათ.
პოლიტიკაში მათი ურთიერთობა მფარველისა და პოლიტიკური მემკვიდრის ურთიერთობად აღიქმებოდა. ხელისუფლების ოპონენტები ღარიბაშვილს ივანიშვილის “ყურმოჭრილ მონადაც” აღიქვამდნენ. ქართულ მედიაში ღარიბაშვილს ხშირად ივანიშვილის „გაზრდილ“ და მისთვის „შვილივით“ ახლობელ პოლიტიკოსად აღწერდნენ.
მათი ურთიერთობის იერარქიულ ხასიათზე მეტყველებს კიდევ ერთი ეპიზოდი.
2021 წელს, როდესაც ღარიბაშვილი უკვე მეორედ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ვიდეოჩანაწერი. საქმე ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის დავას ეხებოდა.
სასამართლოში ივანიშვილს ჰკითხეს, რა როლი ჰქონდა წლების წინ ღარიბაშვილს მის ფინანსურ საქმეებში. ივანიშვილმა განმარტა, რომ ღარიბაშვილი ფინანსისტი არ ყოფილა და ძირითადად საორგანიზაციო საქმეებს ასრულებდა – ათანხმებდა შეხვედრებს, ახორციელებდა ზარებს და აგვარებდა სხვა მსგავს საკითხებს.
კითხვაზე, „ანუ რაღაც მდივანივით გყავდათ?“, ივანიშვილს გაეღიმა და უპასუხა: „რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.
ამ ჩანაწერის შემდეგ პოლიტიკური კომენტატორები ამახვილებნენ ყურადღებას იმაზე, რომ ყოფილი ხელქვეითი, რომლის ფუნქციას სასამართლოში აგდებული ტონით აღწერს, ივანიშვილმა ორჯერ აქცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
ივანიშვილის ხსენება ღარიბაშვილის წერილში
ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ღარიბაშვილის მხრიდან ივანიშვილის პირველი საჯარო ხსენება 2026 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ პირველ წერილში ციხიდან.
ღარიბაშვილი წერდა, რომ მან ივანიშვილის დავალებით მიიღო შეთავაზება: აღიაროს კიდევ ერთი, ამჯერად მძიმე კორუფციული დანაშაული. სანაცვლოდ მას შეპირდნენ, რომ ახალი ბრალი მის ხუთწლიან ვადას არ გაზრდიდა ანუ დამატებით წლები არ დაემატებოდა.
ღარიბაშვილის ვერსიით, გარიგებას პოლიტიკური პირობა ახლდა – ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის პოლიტიკაში აღარ უნდა დაბრუნებულიყო.
ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნის მიზანი მისი შესაძლო პოლიტიკური დაბრუნებისგან ხელისუფლების დაზღვევა იყო. იმავე განცხადებაში მან საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დააკისრა.
მომდევნო წერილში ღარიბაშვილმა კვლავ ახსენა ივანიშვილთან ოღონდ ამჯერად განსხვავებულად.
მან დაწერა, რომ ხელისუფლების ქმედებებს თვეების განმავლობაში ითმენდა „ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის, მის მიმართ უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების გამო“.
შემდეგ წერილებში ღარიბაშვილი ცდილობს კონფლიქტის ცენტრი თანდათან ივანიშვილიდან კობახიძე-მდინარაძის ჯგუფისკენ გადაიტანოს.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილთან საბოლოო ხიდის დაწვას ერიდება და ცდილობს დაარწმუნოს ის, რომ რეალური პრობლემა მოქმედი პრემიერი და მისი გარემოცვაა.
რა შეცვალა ციხიდან გამოგზავნილმა წერილებმა
17 აგვისტოს შემდეგ ღარიბაშვილმა დუმილი საბოლოოდ დაარღვია.
მისი წერილებიდან თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი ბრალდება: ის ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მოატყუა; მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა მოახდინა; ახალი კორუფციული დანაშაულის აღიარებას სთხოვდა; და საბოლოო მიზანი მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობის განადგურება იყო.
ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მის 75 წლის მამასთან დაკავშირებით დაკავების საფრთხეზე მიანიშნეს.
მდინარაძემ ეს ბრალდებები უარყო.
მაგრამ მოვლენების ქრონოლოგიამ ღარიბაშვილის განცხადებებს დამატებითი პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა.
24 აგვისტოს პროკურატურამ მას მართლაც ახალი ბრალი წარუდგინა.
ამჯერად საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვების სქემაში ღარიბაშვილმა 750 ათასი ლარი მიიღო. გამოძიება ძირითადად ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებებს ეყრდნობა.
ღარიბაშვილს ახალ საქმეზე ბრალი არ უღიარებია.
ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება.
მდინარაძის მოულოდნელი წასვლა
პარალელურად, ღარიბაშვილის ეპისტოლეების გამოქვეყნების და კობახიძე-მდინარაძის წინააღმდეგ ბრალდებების ფონზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა:
მამუკა მდინარაძემ, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და კობახიძის უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე იყო, განაცხადა, რომ ტოვებს მთავრობას და საერთოდაც, პოლიტიკიდან მიდის.
მდინარაძე 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე დიდხანს არ უმუშავია. 2026 წლის ივლისში კობახიძე აცხადებდა, რომ სექტემბრიდან მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრი გახდებოდა და მას რეგიონული პოლიტიკის მართვაში განსაკუთრებული როლი უნდა შეესრულებინა.
თუმცა, 27 აგვისტოს მდინარაძემ მოულოდნელად განაცხადა, რომ არა მხოლოდ თანამდებობას, არამედ საერთოდ პოლიტიკას ტოვებდა.
ღარიბაშვილმა ეს საკუთარ წერილებს დაუკავშირა.
„მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა“, – დაწერა ყოფილმა პრემიერმა 2 სექტემბერს თავის მეხუთე წერილში.
თავად მდინარაძემ წასვლა პირად გადაწყვეტილებად წარმოაჩინა.
რატომ გახდა ღარიბაშვილი კობახიძისთვის პრობლემა
ღარიბაშვილის წერილებმა გააჩინა კითხვაც, რამდენად ინარჩუნებს ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ გავლენას ციხეში ყოფნის მიუხედავად. ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ შიგნით კვლავ ჰყავს მხარდამჭერები და მისი წერილების მიმართ ხელისუფლების მწვავე რეაქციაც მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილმა დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით მას კობახიძეზე მეტი სიმპათია აქვს და სწორედ ამან მისცა წინააღმდეგობის გაგრძელების მოტივაცია.
მისი აზრით, კობახიძემ, თავის მხრივ, აღმოაჩინა, რომ „ციხეში მჯდომი ღარიბაშვილიც კი მასზე ძლიერია“.
ამ შეფასების ერთ-ერთი შესაძლო ახსნა თავად ორი პოლიტიკოსის განსხვავებულ პოლიტიკურ ბიოგრაფიაშია.
ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწყისი პერიოდიდან მოდის. ის ივანიშვილის უშუალო გარემოცვის წევრი იყო და განსაკუთრებით რეგიონებში წლების განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კავშირები აქვს.
კობახიძის ძალაუფლება კი გაცილებით მეტად არის დაკავშირებული პარტიულ აპარატთან და ივანიშვილის მხარდაჭერასთან.
ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ღარიბაშვილს „ძველი ოცნების“ ნაწილისთვის „სანიშნო ფიგურად“ მიიჩნევს. მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერი განსაკუთრებით ახლოს იდგა კონსერვატიულ და პრორუსულად განწყობილ ამომრჩეველთან.
ამავე დროს, მელაშვილი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას: ღარიბაშვილი დღეს თავად გახდა იმ სისტემის სამიზნე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი წლების განმავლობაში თვითონ იყო.
ამიტომ მისი ბრძოლა ავტომატურად ვერ გადაიქცევა დემოკრატიული სისტემისთვის ბრძოლად.
„ეს საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლაა და არა საზოგადოებრივი სიკეთისთვის“, – ამბობს მელაშვილი.
ლაზარე ჯორბენაძის საქმე და დაპირისპირების ახალი ეტაპი
1 სექტემბერს ღარიბაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა.
ციხიდან გავრცელებულ წერილში მან ხელისუფლებას მოსთხოვა პასუხი გაეცა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებზე. ჯორბენაძე კობახიძეს საჯაროდ აკრიტიკებდა.
ღარიბაშვილმა ასევე დაწერა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება სხვა ადამიანების თვითმკვლელობის შემთხვევებზეც, რომლებიც, მისი თქმით, კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
პროკურატურამ ამის შემდეგ თავად ღარიბაშვილი და რამდენიმე პოლიტიკოსი და საზოგადოებრივი ფიგურა გამოკითხა. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ღარიბაშვილს ჯორბენაძის შესაძლო მკვლელობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ წარუდგენია.
მეექვსე წერილი – ღია დაპირისპირება ხელისუფლებასთან
8 სექტემბერს ღარიბაშვილმა უკვე მეექვსე წერილი გამოაქვეყნა.
მან ხელისუფლების რეაქციას „სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი“ უწოდა და განაცხადა, რომ ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული გამოკითხვების მიზანი მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირება იყო.
ღარიბაშვილმა ირონიით უპასუხა სახელისუფლებო მედიაში გავრცელებულ ბრალდებებსაც, თითქოს ის „დიფ-სტეიტის“ ან საფრანგეთის ინტერესებს ემსახურებოდა.
„გამიმართლა, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების აგენტადაც გამომაცხადებდნენ“, – დაწერა მან.
შემდეგ კი ხელისუფლებას პირდაპირ მიმართა:
„თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს!“
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ემსახურება და რომ მისი ერთადერთი მიზანი საქართველოს სამსახური იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს კი ცალკე უპასუხა:
„შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!“
წერილი მთავრდება გზავნილით, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბოლო კვირებში მუდმივად იმეორებს:
„მე არავის ვებრძვი – ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“.
„კრიმინალი“, „მოღალატე“, „აგენტი“ – როგორ უპასუხა პარტიამ ყოფილ პრემიერს
მეხუთე წერილის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეაქცია განსაკუთრებით მწვავე გახდა.
ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო ამ პარტიის პრემიერ-მინისტრი, ახლა ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებში „კრიმინალად“ და „მოღალატედ“ იქცა.
კაცი, რომელიც წლების განმავლობაში თავად იყენებდა მკვეთრ რიტორიკას ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ, ახლა იმავე სისტემის სამიზნე გახდა. მის მიმართ გამოიყენება ხელისუფლების ოპონენტებისთვის კარგად ნაცნობი ლექსიკა – კორუფცია, ღალატი, რადიკალური ოპოზიციის სამსახური და უცხო ქვეყნის ინტერესები.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილისა და „რადიკალური ოპოზიციის“ რიტორიკა ერთმანეთს დაემსგავსა.
დეპუტატმა გია ვოლსკიმ არ გამორიცხა, რომ ყოფილ პრემიერს შესაძლოა შეუქმნეს ილუზია, თითქოს მისი ბრძოლა ქვეყანაში „რევოლუციური პროცესის“ განვითარებას დაეხმარება და შემდეგ თავადაც მიიღებს პოლიტიკურ სარგებელს.
პარლამენტარმა დიმიტრი სამხარაძემ ღარიბაშვილი „თვითაღიარებულ კრიმინალად“ და მოღალატედ მოიხსენია.
პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა კი აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელეს ბრალდება, თითქოს ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ინტერესებს ემსახურებოდა.
ირაკლი კობახიძის პასუხიც უკიდურესად მკვეთრი იყო.
მან ყოფილი პრემიერის წერილებს „სასაცილო და ტრაგიკული“ უწოდა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილი „კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა“.
კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ გულდასაწყვეტია ყოფილი თანაგუნდელის ასეთ მდგომარეობაში ხილვა, თუმცა კობახიძეს საჯაროდ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
სად არის ბიძინა ივანიშვილი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ დაპირისპირებაში ჯერჯერობით საჯაროდ თითქმის არ ჩანს.
ბიძინა ივანიშვილი დუმს.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გამო, რომ დაპირისპირების ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ წონას საბოლოოდ სწორედ ივანიშვილის მხარდაჭერიდან იღებდა.
გია ხუხაშვილი ერთ-ერთ შესაძლო სცენარად იმასაც განიხილავს, რომ მიმდინარე პროცესს თავად ივანიშვილი მართავს და მისი საბოლოო მიზანი კობახიძის გუნდის დასუსტება შეიძლება იყოს.
სხვა ანალიტიკოსები უფრო ფრთხილ ვერსიას გვთავაზობენ: ივანიშვილი აკვირდება დაპირისპირებას და გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც დაინახავს, რომელი ფიგურა უფრო სასარგებლოა მისთვის სისტემის შესანარჩუნებლად.
დავით ზურაბიშვილი ამ ურთიერთობას ასე აღწერს: ივანიშვილს მუდმივი მოკავშირეები არ ჰყავს, მას მუდმივი ინტერესები აქვს. შესაბამისად, მისთვის არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე შეუცვლელი ფიგურები არ არიან.
ეს მიდგომა „ქართული ოცნების“ ისტორიასაც შეესაბამება. პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრები არაერთხელ შეიცვალნენ, მაშინ როდესაც ძალაუფლების მთავარი ცენტრი ივანიშვილის გარშემო დარჩა.
კობახიძე ამბობს, რომ არსად მიდის
ამ ფონზე საქართველოში უკვე აქტიურად განიხილება ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომაც.
კობახიძე ამ ცნობებს უარყოფს.
მისი თქმით, კითხვას მისი შესაძლო წასვლის შესახებ ჟურნალისტები „სამ თვეში ერთხელ“ სვამენ და ის ელოდება, რომ სამ თვეში იმავე კითხვას ისევ დაუსვამენ.
თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი განმარტება, რა მოხდა ხელისუფლებაში მისი პრემიერად მოსვლის შემდეგ.
კობახიძის თქმით, მას და მის გუნდს წელიწადი და ხუთი თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მითითებით მართვის სისტემა დაგროვილი „პრინციპული პრობლემებისგან“ გაეწმინდათ.
ამ განცხადებაში კობახიძეს ღარიბაშვილი პირდაპირ არ დაუსახელებია.
მაგრამ ქრონოლოგია აშკარაა: ის საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც სისტემაში მისი წინამორბედის პრემიერობის დროს იყო დაგროვილი.
„ქართული ოცნების“ მონოლითი იბზარება?
„ქართული ოცნება“ დღეს ფორმალურად საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე თითქმის სრულ კონტროლს ინარჩუნებს.
ხელისუფლებას პარლამენტში დომინანტური პოზიცია აქვს, ოპოზიციის არაერთი ლიდერი პატიმრობაშია, ხოლო ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების ნაწილის აკრძალვასაც ცდილობს.
მაგრამ სწორედ ამ პირობებში დაიწყო კონფლიქტი არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, არამედ ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ ლიდერებს შორის.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი ამ ვითარებას ორ პარალელურ პროცესად აღწერს: ერთი მხრივ, გადაწყვეტილებების მიღების წრე ვიწროვდება და სისტემა სულ უფრო ცენტრალიზებული ხდება; მეორე მხრივ კი, ღარიბაშვილის საქმემ „ქართული ოცნების“ შიდა მონოლითის რღვევა გამოაჩინა.
მისი შეფასებით, არც ოპოზიციას და არც „ქართული ოცნების“ სხვა ყოფილ წარმომადგენლებს პარტიისთვის ისეთი დარტყმა არ მიუყენებიათ, როგორიც ღარიბაშვილის წერილებმა.
გია ხუხაშვილი კი მიმდინარე პროცესს „მეფის კარზე“ ორი ჯგუფის დაპირისპირებად აღწერს. მისი შეფასებით, სისტემაში საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები კვლავ ივანიშვილია.
ამ სცენარებში ბევრი რამ ვარაუდია, მაგრამ ფაქტები უკვე თავისთავად უჩვეულო სურათს ქმნის.
საქართველოს ორგზის ყოფილი პრემიერი ციხეში ზის. ის ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ყოფილ თანაგუნდელებს საკუთარი და ოჯახის განადგურების მცდელობაში სდებს ბრალს. მის წინააღმდეგ პირველი წერილების შემდეგ ახალი, გაცილებით მძიმე სისხლის სამართლის ბრალდება გაჩნდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი მმართველ გუნდში, მამუკა მდინარაძე, მოულოდნელად საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან. მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძეს კი უკვე საჯაროდ უწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, თავად ხომ არ არის შემდეგი.
ამ ყველაფრის ცენტრში მყოფი ბიძინა ივანიშვილი კი ჯერ დუმს.