„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელში გახარიას პარტიასაც შეიყვანს
გახარიას პარტიის აკრძალვა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართავს მოთხოვნით, არაკონსტიტუციურად ცნოს და აკრძალოს ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „ფედერალისტები“. განახლებული სარჩელის ფარგლებში ამ ჩამონათვალს „გახარია საქართველოსთვის“ დაემატება.
კირცხალიას თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნაა დაყენებული, მიმდინარე კვირაში განახლებული სახით წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს და მასში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაც იქნება შეტანილი.
„ქართული ოცნება“ თავდაპირველ სარჩელში „გახარია საქართველოსთვის“ არ მოიაზრებდა. კირცხალიას განცხადებით, პარტიისთვის სარჩელში თავდაპირველად არშეტანა მისთვის მიცემულ შესაძლებლობას წარმოადგენდა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულიყო.
„ჩვენ მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“, – განაცხადა მან.
კირცხალიას თქმით, გადაწყვეტილება პარტიის სარჩელში დამატების შესახებ მათი მხრიდან პარლამენტში განხორციელებულმა ქმედებებმა და საჯარო განცხადებებმა განაპირობა.
„ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მან „გახარია საქართველოსთვის“ ასევე დაადანაშაულა „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში და განაცხადა, რომ პარტია, მისი შეფასებით, იმავე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
„არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა“, – თქვა კირცხალიამ.
მისივე განცხადებით, სარჩელში არ არის მოთხოვნა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის შესახებ არც პარლამენტში და არც ადგილობრივ საკრებულოებში.
„სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით“, – განაცხადა მან.
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სხვა სამ პარტიასთან ერთად გამოუცხადა, რადგან ჩათვალეს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა დანარჩენი სამი ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით, მათ სიები არ ჩაუხსნიათ. 2025 წლის 20 ნოემბერს პარტიამ პარლამენტის და საკრებულოს მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
საერთო ჯამში, ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პარტიას “გახარია საქართველოსთვის” საკრებულოებში 26 მანდატი აქვს.
თავად პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია “ჩორჩანას” და 20 ივნისის საქმეების გამო ემიგრაციაში იმყოფება. მას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა 13 ნოემბერს შეეფარდა. იმავე დღეს სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზეც.