საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე პარლამენტმა ექვსი წლის ვადით 2026 წლის 28 აპრილს დაამტკიცა, თუმცა სუს-ს ხუთ თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში უხელმძღვანელა.
გელაძემ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა. გადადგომის მიზეზი მას არ დაუსახელებია.
მისი თქმით, მუშაობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადადის.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, – წერს გელაძე.
განცხადებაში მან მადლობა გადაუხადა „პოლიტიკურ გუნდს“, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს გელაძე.
უცნობია, ვინ შეცვლის მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
სუს-ის ხელმძღვანელების ხშირი ცვლილება
გელა გელაძე სუს-ის უფროსად პარლამენტმა 2026 წლის 28 აპრილს დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგი იყო.
გელაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე შეცვალა. თავად გელაძე მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩიეს, თუმცა მანაც ექვსწლიანი ვადის ამოწურვამდე დატოვა პოსტი. 2026 წლის აპრილში ის სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გადაიყვანეს.
მდინარაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი ამ უწყებას დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში გადადგა.
ამრიგად, 2025 წლის აპრილიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე სამი ხელმძღვანელი გამოეცვალა.
გელაძის გადადგომამდე ორი დღით ადრე თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ. უწყებების ცნობით, მაღლაკელიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. ორივე სამსახურში ახალი ხელმძღვანელების წარდგენა 14 სექტემბერს იგეგმებოდა.
მედიაში და ოპოზიციაში ეს საკადრო ცვლილებები მამუკა მდინარაძის გარშემო მიმდინარე პროცესებს დაუკავშირეს, თუმცა ხელისუფლებას ასეთი კავშირის არსებობა არ დაუდასტურებია.