ეკა ბესელია კენჭს მცხეთა-მთიანეთში იყრის
პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს მცხეთა-მთიანეთში იყრის.
„მე მაკავშირებს რამდენიმე ათეული წელი მცხეთასთან, ჯვრის მონასტერთან. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ადგილი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
• “ოცნების არჩევნები” – მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ეკა ბესელიამ მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” გასული წლის 22 თებერვალს დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. მმართველი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ბესელიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ჩავარდა.
მანამდე მას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გაუვრცელეს. დეპუტატი ამბობდა, რომ ამ კადრების გამოქვეყნებით მისი გაჩუმება სცადეს.
ეკა ბესელიამ პარტია “სამართლიანობისთვის” 2019 წლის მაისში დააფუძნა.
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებელად აპირებს მონაწილეობას.
ეკა ბესელია პარტიის სრულ საარჩევნო სიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აგვისტოს შუა რიცხვებში წარადგენს.