საქართველო: ჟურნალისტი ხელისუფლების მხრიდან უკანონო მოსმენაზე საუბრობს
დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ენმ-ის ადგილობრივ ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც გოგელიამ ქათამაძეს ჰკითხა, რომელ უბნებზე იგეგმებოდა არეულობა.
„გუშინ ნატო გოგელიასა და ენმ-ის ლიდერ ბესო ქათამაძეს შორის შედგა საუბარი. რა დროსაც, მხარდაჭერის მიზნით, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, რომლებზეც – ვციტირებ „აპირებენ ხმაურს და არეულობას.“ რაზეც მიიღო ინფორმაცია, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
● საპარლამენტო არჩევნები 2020. მოკლედ, რაც უნდა იცოდეთ
● ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხებისთვის ემზადება. კომენტარები
● “მთავარმა არხმა” და “იმედმა” არჩევნების წინ ბოლო სოციოლოგიური კვლევები გამოაქვეყნეს
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ნატო გოგელია. ის წერს, რომ ამ ბრიფინგით კობახიძემ აღიარა, რომ მისი ტელეფონი ისმინება.
ამავე პოსტში ის მმართველი პარტიისგან ჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვს, სადაც, მისი თქმით, ბესო ქათამაძე „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ხელშეშლაზე საუბრობს.
ჟურნალისტების კითხვაზე საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციური პარტიებიდან გამოჟონა ამ ინფორმაციამ“.
ნატო გოგელია წერს, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების დღეს ოპოზიციური პარტიები გეგმავენ კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახ დარღვევას ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად.
“უბნებზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ – ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა” – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციაზე, პარტიის წარმომადგენლები გეგმავენ მონიტორზე მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
“ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ”, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე თქვა, რომ “ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება.”
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე: “კობახიძე წადი სახლში, დაგვანებე თავი”.
„ახალი კვლევები მიიღეს და სულ მთლად შეიშალნენ ჭკუიდან. რა განცხადებებს აკეთებენ?! რა სისულელეებს როშავენ?! სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! ამოწურეს ამათმა თავისი თავი და ვეუბნები, რომ კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა. ეს უნდა დავასრულოთ ხალხო, აი, ეს სისულელეების მოროშვა”, – განაცხადა ვაშაძემ.