აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი თვენახევრის განმავლობაში მეორედ დააპატიმრეს
აზერბაიჯანის პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის თანაშემწე ფაიგ ამირლი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 15 დღე-ღამით დაპატიმრებულია, – წერს „კავკაზსკი უზელი“. ამირლის თვენახევრის განმავლობაში უკვე მეორედ აპატიმრებენ – 8 აპრილს მას საკარანტინო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით 30 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მაისის განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციული და სისიხლის სამართლის ბრალდებით პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ კიდევ რამდენიმე წევრია დაპატიმრებული. პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გეზიალ ბაირამლი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ წინააღმდეგ „უპრეცედენტო რეპრესიულ კამპანიას“ აწარმოებს.
- „აზერბაიჯანში ცხოვრება ჩემი უფლებაა“. ყოფილი პატიმარი აფგან მუხთარლი JAMnews-ს საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბრა
- არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები?
- რატომ აღმოჩნდა სომხეთი ინფიცირებულთა რაოდენობით რეგიონული ლიდერი?
ფაიგ ამირლი – ყოფილი პოლიტპატიმარია, 2016 წელს მას ბრალად რელიგიური შუღლის გაღვივება დასდეს, და 3 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი წლის შემდეგ კი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მას შემდეგ ამირლი სხვადასხვა ადმინისტრაციული ბრალდებით არაერთხელ დააპატიმრეს.
24 მაისს ამირლი ცოლთან ერთად ბაქოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ საბირაბადში გაემგზავრა, რათა რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით მშობლების საფლავები მოენახულებინა. ადგილობრივმა პოლიციამ ის სახლიდან აიყვანა და იმავე დღეს 15 დღე-ღამითპატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ხულიგნობა ედება, თუმცა გაურკვეველია, კერძოდ – რა სახის.
„როგორც ჩანს, ჩვენი აქტივისტების დაპატიმრებაში მეორე წრეზე წავიდნენ. მარტის ბოლოდან ადმინისტრაციული წესით ჩვენი პარტიის 17 წევრი დააპატიმრეს. სამს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, კიდევ ერთი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია დამწყვდეული. „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერი ფაქტობრივად შიდა პატიმრობაში იმყოფება, 13 აპრილიდან ის მოკლებულია სტაციონარულ და მობილურ ინტერნეტთან წვდომას“, – ამბობს გეზიალ ბაირამლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამირლის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე უარყოფდა, რომ ოპოზიციონერებს პოლიტიკური მოტივებით დევნის.