Freedom House: აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უნდა იყოს დამოკიდებული
Freedom House-ის სტატია
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House სტატიას აქვეყნებს სათაურით „არანაირი გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე: საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობის ფასი.“ ორგანიზაცია აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს იმ პირებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენების გამო არიან დაკავებული ან პატიმრობაში იმყოფებიან.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიანიშნეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე.
Freedom House-ის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები განახლებულ დიპლომატიურ კონტაქტებსა და კომერციულ პროექტებს, მათ შორის თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ის შესაძლო მშენებლობის გეგმას, იმ ნიშნებად წარმოაჩენენ, რომ რამდენიმე წლიანი დაძაბულობის შემდეგ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობები შესაძლოა გაუმჯობესების გზაზე დადგეს.
თუმცა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ მცდელობების პარალელურად „ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ საგარეო კურსს, რომელმაც დასავლელ პარტნიორებში შეშფოთება გამოიწვია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გააფართოვა თანამშრომლობა ჩინეთთან, მათ შორის 2023 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.
სტატიაში ასევე საუბარია ირანთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე ირანის სახელმწიფო ღონისძიებებში და შემთხვევებზე, რომლებშიც საქართველო ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან იყო დაკავშირებული.
ავტორები დამატებით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხების გამოც.
Freedom House-ის შეფასებით, საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებს ქვეყნის შიგნით თან ახლავს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კამპანია. ორგანიზაცია წერს, რომ ამ პროცესს წინ უსწრებდა რეპრესიულად შეფასებული კანონების მიღება და 2024 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება, რომელმაც, მათი თქმით, უგულებელყო მოსახლეობის მკაფიო მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიულ პარტნიორებთან დაახლოების მიმართ.
სტატიის ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას სულ უფრო ხშირად წარმოაჩენს არა როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძველს, არამედ როგორც არასტაბილურობისა და კონფლიქტის წყაროს.
“ჟურნალისტები, პოლიტიკური ოპონენტები, სტუდენტები, ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები დააპატიმრეს, ხოლო ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“, – ნათქვამია სტატიაში.
Freedom House აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებასაც ეყრდნობა და აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას წინ უსწრებდა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც, დეპარტამენტის შეფასებით, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩეველთა დაშინების ბრალდებებით იყო დაჩრდილული.
ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში რჩება. Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშში ქვეყნის მაჩვენებელი 51 ქულამდე შემცირდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შვიდქულიან ვარდნას ნიშნავს.
სტატიის ავტორების თქმით, შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომ საქართველო კიდევ უფრო არ დაშორდეს დასავლურ სივრცეს და არ დაუახლოვდეს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ვაშინგტონი საკუთარ მოწინააღმდეგეებად განიხილავს.
“ვაშინგტონს უნდა სურდეს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ სივრცეში შენარჩუნება, რადგან ქვეყნის მომავალი გავლენას მოახდენს დემოკრატიულ და ავტორიტარულ ძალებს შორის გავლენის ბალანსზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობების ნორმალიზება „ქართული ოცნების“ პირობებით უნდა მოახდინოს.
ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი და მკაფიო ტესტი იმისა, ნამდვილად არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად ისეთი შეთანხმებებისთვის, რომლებიც აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – წერენ ავტორები.
„დაპატიმრებულები საკუთარი აზრის გამოხატვის გამო“
Freedom House მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე აჩვენა, როგორ შეიძლება მაღალი დონის დიპლომატიურმა ძალისხმევამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოიტანოს. სტატიაში მაგალითად მოყვანილია სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის საქმიანობა, რომლის შედეგადაც, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო თვეებში ბელარუსის ციხეებიდან ასობით პატიმარი გათავისუფლდა.
ავტორების შეფასებით, საქართველოს შემთხვევაშიც პოლიტიკური პატიმრების საკითხი იმავე დონის საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.
სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად დასახელებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
Freedom House ასევე ახსენებს ახალგაზრდა აქტივისტ ზვიად ცეცხლაძეს, რომელიც, მათი ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და დღემდე პატიმრობაში რჩება. ორგანიზაციის შეფასებით, ის ხელისუფლების მხრიდან სტუდენტური და ახალგაზრდული აქტივიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ რეპრესიები მხოლოდ ტრადიციული პოლიტიკური აქტორებით არ შემოიფარგლება. სტატიაში მოხსენიებულნი არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, საპროტესტო აქტივობებთან კავშირის გამო გახდნენ სამართლებრივი დევნის ობიექტები.
Freedom House ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზეც, მათ შორის გიორგი ვაშაძეზე, ზურაბ ჯაფარიძეზე, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, დაკავების ან სამართლებრივი დევნის სამიზნეები გახდნენ.
სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ ეს შემთხვევები უფრო ფართო ტენდენციას ასახავს, რომლის ფარგლებშიც სასამართლო და პროკურატურა სულ უფრო ხშირად გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და დემოკრატიული ოპოზიციის დასასუსტებლად.
Freedom House-ის ცნობით, დამოუკიდებელმა მონიტორინგის ორგანიზაციებმა დააფიქსირეს სასამართლოებში სისტემური მიკერძოება, წინასწარი პატიმრობის არაპროპორციული გამოყენება და მშვიდობიან საპროტესტო აქტივობასთან დაკავშირებული პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევები.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თუ 2024 წლამდე მხოლოდ რამდენიმე იზოლირებული შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამჟამად ქართველი უფლებადამცველების მონაცემებით, 113 ადამიანი იმყოფება პატიმრობაში იმ საქმეების ფარგლებში, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად. მათგან 58 უკვე სასჯელს იხდის, ხოლო 55 წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გზა თავისუფლებისკენ
Freedom House-ის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მკაფიო საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების ნებისმიერი „გადატვირთვის“ მთავარ პირობად იქცეს.
სტატიაში მოყვანილია სტრატეგიის დებულებები, რომლის თანახმადაც სიტყვის, რელიგიისა და სინდისის თავისუფლება, ისევე როგორც მოქალაქეების უფლება, აირჩიონ და მართონ საკუთარი ხელისუფლება, ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც არ უნდა შეიზღუდოს. დოკუმენტი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას მოახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ პრინციპების ერთგულებას აცხადებენ, რათა მათ ეს ვალდებულებები პრაქტიკაშიც შეასრულონ.
Freedom House-ის ავტორები წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ღირებულებების ერთგულებას ხშირად ადასტურებს, თუმცა პოლიტიკური პატიმრების მიმართ დამოკიდებულება ყველაზე მკაფიო გამოცდაა იმისა, რამდენად შეესაბამება ეს განცხადებები რეალობას.
მათივე შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ნორმალიზება მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესება დიპლომატიური კონტაქტებისა და ბიზნესპროექტების მეშვეობით გადაწყვიტა.
სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ თუ მმართველ პარტიას აშშ-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურს, ვაშინგტონმა სანაცვლოდ კონკრეტული დემოკრატიული ნაბიჯები უნდა მოითხოვოს. მათ შორის დასახელებულია პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დაცვა, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა.
Freedom House-ის შეფასებით, ეს რეფორმები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო დარჩეს ევროატლანტიკურ სივრცეში და არ გადაიხაროს ავტორიტარული სახელმწიფოების გავლენისკენ.
„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილებოდეს როგორც მინიმალური და არა საბოლოო მოთხოვნა“, – ნათქვამია სტატიაში.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ სანამ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ზეწოლას, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას და აშშ-ის მოწინააღმდეგე ძალებთან კავშირების გაღრმავებას, შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა პასუხისმგებელ პირებზე ზეწოლა უნდა შეინარჩუნონ.
Freedom House-ის შეფასებით, ეს შეიძლება მოიცავდეს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებსა და სხვა მიზნობრივ ზომებს იმ ოფიციალური პირების, მოსამართლეების, პროკურორებისა და გავლენიანი მხარდამჭერების მიმართ, რომლებიც, მათი თქმით, დაკავშირებულნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებთან.
სტატიის ბოლოს ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მხარს უჭერს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. Freedom House-ის განცხადებით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ საზოგადოებრივ მისწრაფებებს უნდა გამოხატავდეს და მათ მიმართ სოლიდარობას ადასტურებდეს.