ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა
ბაიდენმა საქართველოში ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა
13 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი დაასახელა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მანამდე კი დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.
სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას; ასევე მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგენი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ის ელჩად საქართველოში 2020 წლის 29 იანვარს, სამი წლის ვადით დაინიშნა.
● კელი დეგნანი: არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ
● კელი დეგნანი: ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა – გაქვთ შესაძლებლობა, დააჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანება
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ინგლისურის გარდა, ფლობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებს.
ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ვიდრე სენატი გადაწყვეტილებას მიიღებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსმენები გაიმართება, ელჩობის ნომინანტი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს და წარმოადგენს საკუთარ ხედვას ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით.