აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი შემოიღეს და ხანდაზმულ ადამიანებს გარეთ გასვლა აუკრძალეს
აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად დაწესდა საგანგებო საკარანტინო რეჟიმი, რომელიც 24 მარტიდან 20 აპრილამდე გაგრძელდება. ასეთ გადაწყვეტილებამდე მინისტრთა კაბინეტი მივიდა.
23 მარტის ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 72 შემთხვევაა გამოვლენილი. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ათი გამოჯანმრთელდა.
საგანგებო რეჟიმის ფარგლებში:
- 65 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. თუკი ადამიანი მარტო ცხოვრობს, მას საგანგებო მომსახურებას გაუწევენ;
- შეჩაერებულია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირი, შეიზღუდება ბაქოში, სუმგაითსა და აბშერონის ნახევარკუნძულზე შესვლა და გასვლა (შეზღუდვები არ ეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს, მაშველებს, სატვირთო გადაზიდვებს);
- ბაქოს მაცხოვრებლებს ურჩევენ, ნაკლებად ისარგებლონ მეტროთი, და მის ნაცვლად, ისარგებლონ სპეციალური ექსპრეს-ავტობუსებით, რომლებიც იმავე მარშრუტით იმოძრავებენ (მეტროს სადგურებს შორის);
- აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
ამავდროულად კაფეები, რესტორნები და საზოგადოებრივი კვების სხვა დაწესებულებები შემცირებული რეჟიმით – 12:00-დან 15:00-მდე მუშაობას აგრძელებენ, და შეკვეთების სახლში მიტანასთან დაკავშირებით არავითარი საათობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
საგანგებო რეჟიმს კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს.