აშშ-ის ელჩი: სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელი მთავრობაა
აშშ-ის ელჩი
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლემ სხდომა 14 დეკემბრამდე გადადო.
დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს “ძალიან ახლოდან აკვირდება.” მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის ოფისი “ჩვენგან ნამდვილად შექებას იმსახურებს.” რადგან მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. როგორც დეგნანი ამბობს, მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში:
“საბოლოოდ, ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს.”
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
●”ხილული კავშირები რუსეთთან” – ანა ფოტიგამ ბრიუსელში კონფერენცია გამართა
● Le Figaro: მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ მოწამლეს
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი პროცესი დაიწყო (ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე – სააკაშვილის საქართველოში გასულ ოქტომბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შედეგად შემოვიდა). პროცესზე თავად სააკაშვილიც უნდა მიეყვანათ, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ექს-პრეზიდენტმა სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა “ამ დონეზეა დაზიანებული”, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
ოჯახი მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას უკვე დიდი ხანია ითხოვს.