საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილზე
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან სხვადასხვა კონსილიუმს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის, საზღვარგარეთაც მითქვამს და დახურულ შეხვედრებშიც, რომ თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული, მე ეს არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია დღემდე და არც ვარ ექსპერტი, რომ მე ასეთი დასკვნა დავდო. დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოზე და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტს პრობლემას ორი მიმართულებით: თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და “იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის” და მეორე, სასამართლო ამით მოგვცემს გარანტიას, რომ ის არის დამოუკიდებელი, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება:
“ამის სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას [ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას] მოითხოვს.”
● მედია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილი და სხვა – ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
● “სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების გამო” – მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა PEACE-ს ისტორიულ რეზოლუციას
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა თემურ ჯანაშიამ, რომელმაც ექსპრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში მოინახულა”, განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში.”
ხოლო ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განმარტა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ “სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს.”
კლინიკაში სააკაშვილი მოინახულა მისმა უცხოელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომაც. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული. როგორც ადვოკატი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს აქვს „სასიცოცხლო საფრთხე“, თუკი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებითაც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამძიმებული. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.
უკვე 1 წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.