აქტივისტებმა პარლამენტთან ნამგალი და ურო დახატეს - დაკავებულია ორი დემონსტრანტი
ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისში, პარლამენტის შენობასთან. ხმაური რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა, რომელიც აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული შეხვედრის დროს ქართული მხარეც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ “გავრილოვის ღამე” ანტირუსული პროვოკაცია იყო, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს.
● მოსკოვი: თბილისთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება თუ ანტირუსული განწყობები შეიცვლება
● აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. რაზე ისაუბრეს მხარეებმა
პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და გააკეთეს სტენსილი “ნამგალი და ურო”, ასევე წარწერა – “20%”.
შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით აღმართულ კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ, თუმცა ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ორი აქტივისტი პოლიციამ დააკავა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე დააკავა.



„ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია.
“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ რაც რუსეთისგან მოვისმინეთ, დემონსტრირებაა, თუ როგორი ეროვნული ინტერესების მოღალატე ინსტიტუტია შექმნილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით.
“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი კატასტროფაა ყველაფერი ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს უკავშირდება”, – აცხადებს გიგა ბოკერია.
აქციის დასრულების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აპირებენ გადაინაცვლონ შსს-სთან, სადაც დღევანდელი აქციის დროს დაკავებულები არიან გადაყვანილი.
_________________
მოგვიანებით გავრცელდა თავად ზურაბ აბაშიძის კომენტარი, რომელშიც ის ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა და ეს გახლავთ რუსული მხარის ინტერპრეტაცია.
მისივე განმარტებით, არც ორმხრივი მზაობა ყოფილა „ქართველი ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიმართულებით“, როგორც ეს ლავროვის უწყების გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.