მოსკოვი: თბილისთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება თუ ანტირუსული განწყობები შეიცვლება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრის დეტალებზეა საუბარი.
მოსკოვი აღნიშნავს, რომ ონლაინ-შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე და ითქვა, რომ ეს პერსპექტივები საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტაზეა დამოკიდებული.
აბაშიძესა და კარასინს შორის გამართული ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. თუმცა, კონკრეტულად ამ დეტალზე – ანტირუსული განწყობების შეწყვეტის აუცილებლობაზე საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში არაფერი წერია.
გარდა ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტისა, მოსკოვი ფრენების აღდგენის წინაპირობად პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას აყენებს.
თბილისის განცხადებაში არ არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების წერილშია აღნიშნული – როგორც მოსკოვი ამბობს, აბაშიძე-კარასინს შორის საუბარი შეეხო 2019 წლის 20 ივნისის “გავრილოვის ღამესაც”.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრის დროს ქართული მხარეც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ “გავრილოვის ღამე” ანტირუსული პროვოკაცია იყო, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს.
“დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს”.
რუსული საგარეო უწყება ასევე იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს “რადიკალური ჯგუფების” მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება.
“ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ”.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ თბილისი უსაფუძვლოდ ადანაშაულებს მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში. მოსკოვი ამბობს, რომ ყველა ზომა, რომელსაც კონფლიქტის ზონაში მიმართავენ, ადამიანების უსაფრთხოებისკენაა მიმართული.
„რუსეთის, ისევე როგორც ჩვენი აფხაზი და სამხრეთ ოსი პარტნიორების მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ე.წ. „ბორდერიზაციასა“ და „უკანონო“ დაკავებებს ეხება, ითქვა, რომ საქმე ეხება ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – წერია განცხადებაში.