ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში იწყება ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით “ომიკრონმა” გამოიწვია.
მისივე განმარტებით, საქართველოში ამ დროისთვის 159 ადამიანია “ომიკრონით” ინფიცირებული. რაც შეეხება სირთულეს, გამყრელიძის თქმით, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.
“მოგახსენებთ შედარებით დეტალურ ანალიზს იმ 159 შემთხვევისა, რაც დილისთვის იყო დადასტურებული, 17%-ში გვქონდა რეინფიცირება, 67% არიან სრულად ვაქცინირებულები. ყველა ეს 159 შემთხვევა მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად.
ვაქცინების რაოდენობა ამ ეტაპზე ქვეყანაში საკმარისია, რომ ყველა ადამიანმა ჩაიტაროს აცრა და გაიკეთოს ბუსტერი.” – სცხადებს ამირან გამყრელიძე.
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● 1 დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე სტატუსი” ამოქმედდა. რა იცვლება – დეტალური გიდი
“ომიკრონის” ახალი შტამი პირველად ნოემბერში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, 8 აფრიკულ ქვეყანას შეზღუდვები დაუწესა. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია.