აფხაზეთში კარანტინი 15 მაისამდე გააგრძელეს. თუმცა, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
აფხაზეთში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 15 მაისამდე გააგრძელეს, თუმცა, აქ სულ კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული და ბოლო პერიოდში, ინფიცირების ახალი ფაქტი არ გამოვლენილა.
ორი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 95 წლის პაციენტი კი, რომელსაც თანმდევი დაავადებები აწუხებდა, გარდაიცვალა.
კარანტინის ზომები შემსუბუქდება, მაგრამ სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კვლავ არსებობს გარედან კორონავირუსის ქვეყანაში შეღწევის მაღალი რისკი.
კარანტინის შემსუბუქების ფარგლებში – 4 მაისიდან გაიხსნება აგრარული და ტანსაცმლის ბაზრები.
ასევე, კვლავ ამუშავდება ფიტნეს-კლუბები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგის კაბინეტები.
და რამაც განსაკუთრებით გაახარა ადგილობრივი მოსახლეობა არის ის, რომ 4 მაისიდან, ნაწილობრივ განაახლებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
- აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის გამოწვევები
- კორონავირუსი და ჭაჭა დინდგელით – გამყიდველების შესახებ, რომლებიც ყოველთვის სამსახურში არიან, ეპიდემიის დროსაც კი. ვიდეო
- რა არის ყველაზე რთული, როდესაც ორი კვირის განმავლობაში, იზოლაციაში ზიხარ? ისტორიები საქართველოდან
თუმცა, აფხაზეთში, მაისის შუამდე, არ გაიხსნება სასწავლო დაწესებულებები.
კვლავ დახურული იქნება რესტორნები და კაფეები, რომლებსაც კვლავინდებურად მხოლოდ გატანაზე შეეძლებათ მუშაობა.
თეატრები, მუზეუმები და ბიბლიოთეკებიც დახურული დარჩება.
ისევ აკრძალულია ნებისმიერი სახის მასობრივი ღონისძიება, ტურისტული და საექსკურსიო ბიზნესი, მათ შორის, ჯერჯერობით მუშაობა არ შეუძლიათ სასტუმროებს, სანატორიუმებსა და დასასვენებელ სახლებს.
საზღვარი დაკეტილი დარჩება ადამიანებისთვის, რამდენიმე ადრე გამოცხადებული გამონაკლისის გარდა. ტვირთის გადაზიდვა გაგრძელდება.
კომენტარი
კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის წევრი, ალხას ჯინჯოლია:
«100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსი მოგვწვდება. საზღვრები დაკეტილია, მაგრამ უახლოეს დღეებში, სახლში დაბრუნდება პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის 15 კურსანტი. მათ კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ შეხება.
ჩვენ ობიექტების დეზინფექციას ვატარებთ, მაგრამ გვავიწყდება ის, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.
აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გამკაცრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წარმოსახვით კეთილდღეობას ქარს გავატანთ და კორონავირუსით ინფიცირებულთა უზარმაზარი რაოდენობა გვეყოლება».