აფხაზეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 23 აპრილს, კამერულ გარემოში გაიმართება
23 აპრილს, აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართება, ვიდრე ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. კორექტივების შეტანა კორონავირუსმა და მის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ გამოიწვია.
ინაუგურაციის საორგანიზაციო კომიტეტმა ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანა გადაწყვიტა. ამიტომ, ცერემონია ჩატარდება არა მთავრობის სახლის დიდ, 900-კაციან დარბაზში, სადაც ტრადიციულად იმართებოდა ხოლმე პრეზიდენტის ინაუგურაცია.
ამჯერად, ცერემონია გაიმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში და მასში მონაწილეობას მიიღებს არა უმეტეს 50 კაცისა.
- ყავის სმა კარანტინისას შინ და გარეთ – აფხაზეთი კორონავირუსის დღეებში
- აფხაზეთში სასულიერო პირთა ნაწილი მოქალაქეებს ეკლესიაში წასვლისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი – სახლში დარჩენისკენ
- კორონავირუსი კავკასიაში. განახლებადი
პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გარდა, რომლებიც მოვალეობის შესრულებას უნდა შეუდგნენ, ასევე აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბასი, დარბაზში იქნება პარლამენტის 35 დეპუტატი, საკონსტიტუციო სასამართლოს 5 წევრი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ინაუგურაციისას, არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს, შემდეგ, სახელმწიფო მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი მას საპრეზიდენტო ძალაუფლების სიმბოლოებს გადასცემს – გერბიან ბეჭდებს, შტანდარტს, კვერთხსა და ხმალს.
სავარაუდოდ, ცერემონია, ერთ საათზე მეტხანს არ გაგრძელდება.
ახლანდელი ინაუგურაციის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული არც ორკესტრი და არც გვარდიელების საპატიო ყარაული.
ასევე, არ იქნება არც პრეზიდენტის ტრადიციული ფურშეტი და ბანკეტი სტუმრებისთვის.
აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართა. გამარჯვება ხმათა 56.5%-ით ასლან ბჟანიამ მოიპოვა. დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: ადგურ არძინბა – 35.42%, ლეონიდ ძიაფშიპა – 2.22%. ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა ამომრჩეველთა 1.75%-მა.