აფხაზეთში სასულიერო პირთა ნაწილი მოქალაქეებს ეკლესიაში წასვლისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი - სახლში დარჩენისკენ
აფხაზეთის ხელისუფლებამ არაერთხელ მიმართა მოსახლეობას თხოვნით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, მათ შორის, არ დაესწრონ საკულტო ღონისძიებებს.
ადგილობრივ სასულიერო პირთა მოსაზრებები ამ საკითხზე გაიყო.
აფხაზეთში, უკვე რამდენიმე წელია, ერთმანეთთან კონკურენციაშია ორი მართლმადიდებლური კერა.
სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის ხელმძღვანელი, მამა ბესარიონი (აპლია) – რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობის მომხრეა.
ის მრევლს აქტიურად მოუწოდებს, აღდგომის ეკლესიაში შეხვედრისკენ.
მამა დოროფეი (დბარი), ათონის მონასტრის წინამძღვარი, აფხაზეთის წმინდა მეტროპოლიის ხელმძღვანელი – დამოუკიდებელი აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის მომხრეა.
მან ათონის მონასტერი მრევლისთვის დაკეტა და მსახურების ტრანსლირებას ონლაინ ახდენს.
16 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში, კორონავირუსით დაინფიცირდა სამი ადამიანი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და ქალაქ გაგრაში ცხოვრობენ. 9 აპრილიდან მთელი რაიონი კარანტინზე ჩაიკეტა. 31 მარტიდან დაკეტილია გალის რაიონიც. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებ ქალს კორონავირუსი აღმოუჩინეს და სამკურნალოდ ქართულ მხარეს გადაიყვანეს.
- ყავის სმა კარანტინისას შინ და გარეთ – აფხაზეთი კორონავირუსის დღეებში
- აფხაზეთში, გაგრის რაიონში, კომენდანტის საათი დააწესეს
- კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
მამა ბესარიონი მოუწოდებს მორწმუნეებს, „არ შეეშინდეთ სიკვდილის“, წავიდნენ ეკლესიაში და იქ შეხვდნენ აღდგომას, ჩააბარონ აღსარება და მიიღონ ზიარება.
“მორწმუნეთა შეკრების აკრძალვა არავის შეუძლია. პანდემია მათთვის არის, ვისაც ღმერთის არსებობაში ეჭვი ეპარება. სიკვდილი პრობლემა არ არის. ამაო სიკვდილი არ იქნება. მომავალი მხოლოდ ღმერთს აქვს. არ მოუსმინოთ მათ, ვინც მუქ ფერებში გვიხატავს პროგნოზებს”, – განაცხადა 15 აპრილს მამა ბესარიონმა.
ახალი ათონის მონასტერი მოქალაქეებისთვის 18 მარტიდან დაკეტილია, რათა ხელი შეუშალოს კორონავირუსის გავრცელებას. ამავდროულად, ტაძარში მსახურება არ წყდება, ლოცვები კი შეიძლება ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში გადაიცეს.
“ჩვენ, ბერები, ყოველდღე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უფლის წინაშე წარვდგეთ. მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ერთი ადამიანის, ერთი მომსვლელის სიცოცხლე მაინც გავრისკოთ“, – ამბობს მონასტრის წინამძღვარი, მამა დოროფეი.
მისი თქმით, მრევლი აღდგომის დისტანციურად აღნიშვნაზე თანახმაა.